ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორისა და დონორების ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი რეგიონის ინტერნეტიზაცია მოხდება

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაცია მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლაშა მიქავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის კლასიკური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევითაც მოხდება მეტად მნიშვნელოვანი რეგიონის ინტერნეტიზაცია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი სხვადასხვა ელექტრონული მომსახურებებით. საუბარია 76 სოფელზე 496 მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახით. პროექტის ფარგლებში ინტერნეტით დაიფარება რამდენიმე საშუალო სკოლა და ასევე, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი“, - აღნიშნა მიქავამ.

მისვე შეფასებით, ეს ყველაფერი დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ დღეს ტექნოპარკში გაფორმდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება 25 000 აშშ დოლარის ოდენობით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად. ასევე პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები დაიფარება სხვადასხვა დონორის საშუალებით. ინტერნეტსაზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ააიპ „მთის სათემო ქსელმა“ მიიღო დამატებით დაფინანსება 70 ათას ლარამდე სხვადასხვა დონორების საშუალებით. პროექტში ჩართულია 10-მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორის ჩეხეთის საელჩო საქართველოში, ვეონი საქართველო (ბილაინი საქართველო), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს “დიგიტალ ტექნოლოგი” („ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია“), შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“.

პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“, რომელსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) დაეხმარება.

მსგავსი პროექტი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, თუშეთში 2017 წელს დასრულდა - დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას უზრუნველყოფს ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო