თამარ ხულორდავა - ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში მოწინავე პოზიციებზე გადავინაცვლეთ იმ ქვეყანათა შორის, საიდანაც განაცხადებს იღებენ თავშესაფრის მოთხოვნაზე

2017 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის უსაფუძვლო მაძიებელთა რაოდენობა არის გაზრდილი, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ინიციატივას განიხლავენ, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

მისივე განმარტებით, უსაფუძვლო რომ არის თავშესაფრის მოთხოვნა, ამის თქმის საფუძველს ის აძლევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი.

„ზოგ ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილება არის ნული პროცენტი. ზოგ ქვეყანაში არის 2 პროცენტი. ზოგან 4, მაგრამ საშუალო არის ძალიან დაბალი, მთელი ევროკავშირის სივრცე რომ ავიღოთ.

მაგალითად, საფრანგეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც დაფიქსირდა, რომ არის მზარდი ეს პრობლემა. 2017 წლამდე საქართველო იყო მე-17 ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის რაოდენობით და ახლა ვართ მეორე ადგილზე ამ ქვეყანაში.

ასევე ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში და საკმაოდ მოწინავე პოზიციებზე ვართ და პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გადავინაცვლეთ იმ ქვეყანათა შორის, საიდანაც განაცხადებს იღებენ თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საფრანგეთში 174%-ით გაიზარდა უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელთა“, - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, მეორე პრობლემა, რაც თავშესაფრის მაძიებელთა ზრდასთან ერთად უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საუძველი არის, საზღვარზე უარების ზრდაა და აქაც გვაქვს 2018 წელს 200%-იანი ზრდა.

„ევროპელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მაღალი დონის თანამშრომლობა, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ შეექმნას და არავინ ახდენს ამ თემაზე ზედმეტ აქცენტს, მაგრამ, ამასთანავე გვთხოვენ კონკრეტული ზომების მიღებას და ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ხულორდავამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი და კახაბერ კუჭავა არიან.

კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაციის, მათ შორის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობის/ორგანიზატორის სისხლის სამართლის წესით დასჯადობის შემოღებას და აღნიშნულით უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებლის შემცირებას.

კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო