ოთარ კახიძე - მხარს ვუჭერთ ნებისმიერ მოდელს, რომელიც სასამართლოს მმართველ კლანს როგორმე ჩამოართმევს სისტემაზე მონოპოლიას

„ევროპული საქართველო" მხარს უჭერს ნებისმიერ იმ მოდელს, რომელიც დღეს არსებულ სასამართლოს მმართველ კლანს როგორმე ჩამოართმევს სისტემაზე მონოპოლიას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეების შერჩევის წესს ეხებოდა, მხარი არ დაუჭირეს.

კახიძის თქმით, სასამართლოს გაჯანსაღების ყველა მცდელობა არსებული ხელისუფლების პირობებში უნაყოფოა.

„მთავარი საკითხი არის ის, თუ ვინ დაასახელებს პარლამენტისთვის, ანუ ვინ წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის კანდიდატურებს. „ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, მათ შორის ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძესაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების წინადადებაა, რომ მათი თანხმობა იყოს სავალდებულოდ გათვალისწინებული. ორივე მოდელი ჩვენთვის მისაღებია, "ევროპული საქართველო" მხარს უჭერს ნებისმიერ იმ მოდელს, რომელიც დღეს არსებულ სასამართლოს მმართველ კლანს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას უქვემდებარებს ბიძინა ივანიშვილს, როგორმე ჩამოვართვათ ეს მონოპოლია ამ სისტემაზე. ვინაიდან სხვაგვარად უახლოეს მომავალში ჩვენი სასამართლოს გაჯანსაღების პერსპექტივა უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ მთავარი, რასაც ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ სურთ ამ კლანის შენარჩუნება, ხედავენ, რომ მათი ერთგული პირები უნდა იყვნენ განწესებულნი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად და აქვთ ილუზია, რომ ეს რამენაირად მათი ხელისუფლების გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს. ეს ასე ვერ მოხდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეიცვლება "ქართული ოცნება" და მათთან ერთად, ეს სასამართლოს მმართველი კლანიც, ასევე, მანკიერი წრე, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვტრიალებთ.

პლენარულ სხდომაზეც გავიტანთ ამ პროექტს და საზოგადოება შეაფასებს, თუ ვინ არის მართალი და ვის აქვს პოლიტიკური ნება, რომ სასამართლოში მდგომარეობა გამოასწოროს“, -- განაცხადა კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა