ნათია მეზვრიშვილი პარლამენტს “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ პროექტს გააცნობს

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პარლამენტს უწყების მიერ მომზადებულ - “სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ პროექტს გააცნობს. კანონპროექტს ხვალ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი და ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

პროექტის თანახმად, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, სქესობრივი ხასიათის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება: - კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო, სასწავლო, სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა; არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება; არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება; სოციალური მუშაობა; საექიმო საქმიანობა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება.

უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები კანონით განისაზღვრება. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - 5 წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ხუთიდან ათ წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ათიდან 15 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა რეესტრი შეიქმნება.

პროექტის მიხედვით, რეესტრის წარმოების მიზნით, მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემების, მათ შორის ნასამართლობის, დაქტილოსკოპიური და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, დამუშავებას შს სამინისტრო განახორციელებს, რეესტრის შექმნისა და მონაცემთა დამუშავების წესი კი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

“აღნიშნული რეესტრის ფუნქციონირებას აქვს ორი ძირითადი მიზანი - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია და ამგვარი დანაშაულების ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების გამარტივება”, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2018 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი. 2017 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, საიდანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი, ხოლო 2016 წელს რეგისტრირებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 336 ფაქტიდან 262 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს