მამუკა ბახტაძე - საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს, რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად და ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც ლიდერად იქცეს

საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს, რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად და ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც ლიდერად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ "ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა.

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნის ღონისძიებას პრემიერი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.

"დღეს "ნიუ ჰოსპიტალსს" შეემატა ახალი კორპუსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები. უკვე წლებია, რაც "ნიუ ჰოსპიტალსი" ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ჯანდაცვა გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2018 წელს შევძელით და ჯანდაცვის ბიუჯეტი თავისი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასთან ერთად მილიარდ ლარზე მეტი თანხით გავზარდეთ, რაც მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ რჩება და არსებობს ხარვეზები, რაც გვაქვს დასახვეწი. ეს უკავშირდება იმას, რომ გეოგრაფიულად უფრო კომფორტულად მივაწოდოთ სერვისები ჩვენს მოქალაქეებს, ასევე, მედიკამენტებით მომარაგებით საკითხს ჩვენი პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის. ყველას ვპირდებით, რომ ამ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ. საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, რეგიონში ვიქცეთ ეკონომიკურ ცენტრად. სწორედ ეს გახლავთ ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. სტრატეგიის ფარგლებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც საქართველო იყოს რეგიონული ლიდერი. შესაბამისად, მსგავს პროექტებში ინვესტიციების განხორციელება კერძო სექტორის მხრიდან, სახელმწიფოს მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, რათა წარმატებული ვიყოთ ამ მიზნის მიღწევაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორებს მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის და მივულოცო სამედიცინო საზოგადოებას, რომ ასეთი ობიექტი შეემატა ჩვენს ჯანდაცვის სისტემას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს