გუდაურში FIS ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდსა და სქი კროსში დასრულდა

გუდაურში FIS ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდსა და სქი კროსში დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სათხილამურო ფედერაციიდან აცნობეს, ორი კვირის განმავლობაში გუდაური სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებისა და სპორტსმენების ყურადღების ეპიცენტრში იყო მოქცეული.

მათივე ინფორმაციით, 15 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი საქართველოს ეწვია, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპებში მონაწილეობის მისაღებად. ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრებები სნოუბორდ ქროსსა და სქი ქროსში გაიმართა.

„ძალიან მიხარია, რომ გუდაურში ასეთი წარმატებით ჩატარდა ორივე ეტაპი, სნოუბორდ ქროსსა და სქი ქროსში. კიდევ ერთი ტესტი გავიარეთ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ დიდი ნდობა გამოგვიცხადა. ბევრი თაობის ოცნება ახდა და უკვე ფაქტია, რომ საქართველო მსოფლიო დონის შეჯიბრებებს მასპინძლობს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ამ სპორტის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა სათხილამურო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა, კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა.

მათივე ცნობით, 2023 წელს სწორედ საქართველოში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, ვალდებულების თანახმად, აქ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ევროპის თასის ეტაპებს ჩაატარებს.

სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, გასულ წელს, ბაკურიანში, პირველად ჩატარდა ეტაპები სქი ქროსში. მათივე ცნობით, 2019 წლის სეზონი დატვირთული იყო გუდაურისთვის, სადაც სათხილამურო სპორტში მოწინავე ქვეყნების სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. ორი კვირის მანძილზე გუდაურში ვარჯიშობდნენ და ასპარეზობდნენ მოთხილამურეები და სნოუბორდისტები ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და სხვ. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ ორივე დისციპლინის ეტაპებმა FIS-ის დელეგატების მხრიდან, ასევე, მწვრთნელებისა და თავად სპორტსმენების მხრიდან, უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა ორგანიზების კუთხით.

„თოვლმა და ამინდმა ხელი შეგვიწყო და ორივე დისციპლინაში შეჯიბრება წარმატებით ჩავატარეთ. სპორტსმენებს საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენის შანსი ჰქონდათ. ტექნიკური ტრასები იყო, ევროპის თასის სტანდარტების შესაბამისი. ძალიან კარგად ორგანიზებული იყო ყველა საშეჯიბრო დღე. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარებოდა, რომ ეს ტურნირები უნაკლოდ ჩატარებულიყო“, - აღნიშნა FIS-ის დელეგატმა და შეჯიბრებების ხელმძღვანელმა, კლაუს ვალდნერმა.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თანამშრომლებს, შეჯიბრების მომზადებაში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები, რეგიონალური ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები, ადგილობრივები და მოხალისეთა ჯგუფები ეხმარებოდნენ. სწორედ მათი ერთობლივი, დაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ მსოფლიო მასშტაბის ტურნირი საქართველოში წარმატებით ჩატარდა.

ცნობისთვის, სნოუბორდ ქროსი და სქი ქროსი ფრისტაილის დისციპლინებია. შეჯიბრისას ტრასაში ოთხი სპორტსმენი ერთდროულად ეშვება და სპეციფიკური ტრასის გავლას უმოკლეს დროში ცდილობს, რის შედეგადაც საკმაოდ დაძაბული და ამავე დროს აზარტული სანახაობა იქმნება.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

FIS-ის ევროპის თასის ეტაპის ბოლო საშეჯიბრო დღის გამარჯვებულები სქი ქროსის დისციპლინაში კანადელი მიკაილა მარტინი (Mikayla Martin) და ფრანგი იური დუპლესი კერომარდი (Youri Duplessis Kergomard) გახდნენ.

დანარჩენი საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა: II ადგილი ქალთა შორის - ნიკოლ კუჩეროვა (Nikol Kucerova), ჩეხეთი; ვაჟთა შორის - ტიმ ჰრონეკი (Tim Hronek), გერმანია;

III ადგილი ქალთა შორის - ეკატერინა მალცევა (Ekaterina Maltseva), რუსეთი; ვაჟთა შორის - ტომ ბონეფონდი(Tom Bonnefond), საფრანგეთი;

IV ადგილი ქალთა შორის - ზოე ჩორი (Zoe Chore), კანადა; ვაჟთა შორის - ჟილ მარტინი (Gil Martin), შვეიცარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა