საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ტოკიოში გამართულ ბიზნესფორუმში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფორუმის მონაწილე 150 კომპანიას შორის, ქართული 30-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. მასშტაბურ ღონისძიებაზე ყურადღება იაპონია-საქართველოს პოლიტიკურ კავშირებზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ ეს დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებში უნდა გადაიზარდოს.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი. აღინიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმება საქართველოში იაპონური ინვესტიციების ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდება. ბიზნესფორუმის ფარგლებში, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა - „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიხსნა, რომელსაც პარლამენტის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

გამოფენამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის წარმოჩენის მიზნით, უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატები და თანამედროვე ტექნოლოგიები გააერთიანა. პროექტის ფარგლებში, იაპონელი პარტნიორების მიერ, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებამ, დამთვალიერებელს უძველესი ღვინის სამშობლოში ინტერაქციული მოგზაურობის საშუალება მისცა.პროექტი - „საქართველო - ღვინის სამშობლო“, გამოფენასთან ერთად, ქართული ღვინის წარმოშობისა და უნიკალურობის შესახებ, მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების სემინარებს, დეგუსტაციებს, „ქართული სუფრის" მასტერკლასებსა და კულტურულ პროგრამას მოიცავს. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის" ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქპატენტის" და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით იმართება და 7 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის - „საქართველო - ღვინის სამშობლო" განხორციელება 2017 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრიდან დაიწყო და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგად, სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატს, იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას და მეგობრობის ჯგუფის გენერალურ მდივან იასუტოში ნიშიმურას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. შეხვედრაზე ყურადღება ამასთანავე განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალის განვითარების აუცილებლობა. იაპონური მხარის შეფასებით, ამ პროცესს უდავოდ შეუწყობს ხელს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე გამოფენის - "საქართველო - ღვინის სამშობლო" - მნიშვნელობა, რომელიც იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა