გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად არიან ჩამოსული. დელეგაციას ხელმძღვანელობს ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის~ ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ქვეყნის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. აღინიშნა ის უპირატესობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მოქმედების გამო. გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქართული და ჰონგ კონგის კომპანიები მიიღებენ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო ანგარიშებსა და სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებში.

ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით, მათ შორის, ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლებს შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა