მამუკა მდინარაძე - ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ნამდვილად გამოაცოცხლებს

ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ნამდვილად გამოაცოცხლებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“ჩვენ ვიმსჯელეთ კომიტეტზე, რომელსაც ზვიად კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურა განიხილება. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ საკითხი გადაწყვეტილია, რადგან კვაჭანტირაძე უმრავლესობას აღარ წარმოადგენს. ბუნებრივია, უმრავლესობას ეკუთვნის კომიტეტების თავმჯდომარეების ადგილები. ბექა ოდიშარია არის უმრავლესობის წევრი, რომელიც ვფიქრობ, რომ ამ კომიტეტს ნამდვილად გამოაცოცხლებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წასვლის მიუხედავად, ზვიად კვაჭანტირაძეს საპარლამენტო პოსტი არ დაუტოვებია, თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, თავის დროზე კვაჭანტირაძე პარლამენტმა სწორედ უმრავლესობის წარდგენით აირჩია. დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ მოხდება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა და მის ნაცვლად ბექა ოდიშარიას არჩევა.

პარლამენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.