ქართული ღვინო მსოფლიოს უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „ProWein-2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 60-მდე ქვეყნის მეწარმეებმა წარადგინეს.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით მონაწილეობენ.

გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება.

„პროვაინი მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელშიც საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია და წელს, საქართველო 27-მა კომპანიამ წარადგინა. ამით ჩვენ კიდევ უფრო ვამკვიდრებთ საქართველოს სახელს მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის რუკაზე. 2021 წლიდან იგეგმება „ProWein-ის“ გაფართოება და შესაბამისად, ჩვენც ვგეგმავთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მასშტაბურად იყოს წარმოდგენილი მასზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

გამოფენა ProWein წელს საიუბილეოა - იგი 25-ედ იმართება. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობა მხოლოდ 5-მა კომპანიამ მიიღო.

ამასთან ერთად, მსოფლიოს ერთ–ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე Mundus Vini, ერთდროულად ქართულმა ორმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო მოიპოვა და სპეციალური პრიზები Prowein-2019-ის ფარგლებში Munudus Vini-ს საზეიმო ცერემონიაზე გადაეცათ. • "მეღვინეობა ვაზიანის" 2016 წლის მოსავლის "რქაწითელი" კონკურსის საუკეთესო ქართულ თეთრ ღვინოდ დასახელდა (Best of Show Georgia White), • "მეღვინეობა ჩელთის"ღვინო "საფერავი ქვევრი რეზერვი 2015" საუკეთესო ქართულ წითელ თეთრ ღვინოდ დასახელდა. (Best of Show Georgia Red).