მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე სამხედრო სამსახურში გაწვევის კანონპროექტზე - ის არის დისკრიმინაციული, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს უპირატესობას

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ კანონპროექტი დისკრიმინაციულია, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს უპირატესობას.

როგორც ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მუსლიმები არ ითხოვენ პრივილეგიას, ისინი ითხოვენ თანასწორობას.

„კანონი ყველასთვის უნდა იყოს თანასწორი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ დისკრიმინაციის პრეცედენტი, რადგან როცა ამას დავუშვებთ, ამან შეიძლება სიმრავლის ფორმა მიიღოს. მსგავსი კანონპროექტები როცა საკუთრებას, საგადასახადო თემას ეხებოდა, ჩვენ გავასაჩივრეთ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ისინი არის დისკრიმინაციული და პარლამენტს დაავალა, რომ გაესწორებინა, ყველასთვის თანაბარი საშუალება მიეცა.

ჩვენ ვერ დავუჭეთ მხარს ისეთ კანონპროექტებს, რომელიც პრაქტიკულად არათანაბარ პირობებში ჩააყენებს საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ნაკაიძემ და იქვე დასძინა, რომ ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ იმისთვის, რომ კანონპროექტს კანონის სახე არ მიეცეს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ინიციატივა წარადგინა.

პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს