ირაკლი კობახიძე - ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას პოლიტიკური საფუძველი აქვს

ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, - ამის შესასებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას არ ესაჭიროება არანაირი სამართლებრივი დასაბუთება.

„ჩვენ დაახლოებით 15 წუთი გვქონდა დისკუსია ისეთ საკითხზე, რომელიც საერთოდ არ ექვემდებარება დისკუსიას. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პარლამენტის მიერ პოლიტიკური წესით და პოლიტიკური საფუძვლით. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება სამართლებრივი საფუძვლით. მაგალითად, იმპიჩმენტი არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლით, შესაბამისად, მას ესაჭიროება სამართლებრივი დასაბუთება. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას, მას არ ესაჭიროება არანაირი სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. პროცედურულად გავლილია ყველაფერი, ანუ არავითარი ხარვეზი ამ გადაწყვეტილებას არ ექნება, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკური დასაბუთება, ყველამ ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ სჭირდება. არ სჭირდება როგორც ასეთი, სამართლებრივი საფუძველი. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი კითხვაზე. ხომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - მე თავიდანვე განვმარტე ეს, შეიძლება, ყველამ არ მომისმინა, თუმცა, თავიდანვე განვმარტე, რომ საფუძველი ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიკური. შეიკრიბა უმრავლესობა, თავის დროზე იყო უმრავლესობის მიერ წარდგენილი შესაბამის პოზიციაზე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე, შეიკრიბა კიდევ ერთხელ უმრავლესობა და მიიღო გადაწყვეტილება ბატონი ზვიადის გადაყენების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა, სამწუხაროდ, ბატონმა ზვიადმა გადაწყვიტა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა უმრავლესობა. მან გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტს უნდა გადაეყენებინა ის და არ აპირებდა თვითონ გადადგომას, მიუხედავად უმრავლესობის პოზიციისა“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უფლებამოსილების ჯეროვან განხორციელებას, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამას კვაჭანტირაძის გადაყენებასთან კავშირი არ აქვს.

„ახორციელებდა თუ არა ბატონი ზვიადი თავის უფლებამოსილებას ჯეროვნად, ამაზეც იყო საუბარი გუშინ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს გადაწყვეტილებასთან, თუმცა, ამაზეც გვქონდა უმრავლესობის სხდომაზე საუბარი და იქ ითქვა, რომ ეს კომიტეტი არ გამოირჩეოდა ნამდვილად წარმატებებით. ეს იყო რეალობა, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე. თუ რომელიმე კოლეგა აქ წარმატებულად მიიჩნევს ამ კომიტეტის საქმიანობას, მაშინ არ ვიცი. დიასპორა პარლამენტში იყო ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება და ჩვენი ამოცანა და პოლიტიკური გადაწყვეტილებს საფუძველი ესეც არის - ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მიმართულებას დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება და ზუსტად ამ პრინციპით, ამ პოლიტიკური საფუძვლით მიიღება გადაწყვეტილება ახალი თავმჯდომარის არჩევის თაობაზე. ანუ, პოლიტიკური მოცემულობის ნაწილი ესეც იყო, თუმცა, ეს არ არის აქ, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი. განმსაზღვრელი არის ის, რომ უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო გადაყენების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს