შპს „მეტრა დეველოპმენტი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „მეტრა დეველოპმენტი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „მეტრა-პარკი“-ს მცხოვრებლების ბრალდებებს პასუხობს. შპს „მეტრა დეველოპმენტის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც შპს „მეტრა დეველოპმენტისთვის“ გახდა ცნობილი, „მეტრა-პარკი“-ს მცხოვრებლების ჯგუფი, რომელიც უკვე ერთი წელია კომპანიის დისკრედიტაციით არის დაკავებული, გეგმავს ახალი შემართებით განაგრძოს ქალაქ თბილისის მერიის შანტაჟი.

კერძოდ, მას შემდეგ რაც, კომპანიამ შეათანხმა პროექტი და მიიღო მშენებლობის ნებართვა, აღნიშნული ჯგუფის ლიდერები აქტიურად ეკონტაქტებიან კომპლექსის მაცხოვრებლებს, თავიანთი უსაფუძვლო და ცილისწამებით სავსე განცხადებებზე ხელმოწერების მოსაპოვებლად.

ამასთან ერთად იგეგმება მედიის სხვადასხვა წარმომადგენლების მოწვევა, რომელიც მიზნად ისახავს უტიფარი ბრალდებების გაჟღერებას მედია სივრცეში.

ამის პასუხად, კომპანია კიდევ ერთხელ განმარტავს:

1) ის პირები, რომელთაც შეძენილი აქვთ ბინები თავდაპირველი დეველოპერისგან და რომლებიც დღეს გამოირჩევიან მაღალფარდოვანი მჭერმეტყველებით იმის შესახებ რომ შპს „მეტრა დეველოპმენტი“ ანადგურებს არსებულ ლანდშაფტს, წარმოადგენენ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ძალიან კარგად იყო ცნობილი რას წარმოადგენდა და როგორ გამოიყურებოდა საპროექტო ტერიტორია ჯერ კიდევ 2005 წელს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე.

ამ ბატონების და ქალბატონების რიტორიკის ფორმულირება შემდეგია: ჩემი სახლის ასაშენებლად ელდარის ფიჭვის მოჭრა და კლდეზე სამუშაოების წარმოება არც სამართლებრივ და არც მორალურ პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო სხვა შემთხვევაში ეს არის დანაშაული...

ცინიზმის, ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის უმაღლესი პილოტაჟი!

2) აღნიშნული პიროვნებების მიერ (მათი რიცხვის მიუხედავად!) განცხადება, იმის შესახებ, რომ მათთვის უცნობი იყო ტერიტორიის განაშენიანების გეგმები და ამით ზეწოლა დედაქალაქის მერიაზე და განსაკუთრებით მერზე, არის დამაზიანებელი გეგმის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ადასტურებს ამ პიროვნებების საეჭვო ინტერესების არსებობას.

მოკლე ექსკურსი გრგ-ს ისტორიაში: პირველი განაშენიანების რეგულირების გეგმა (პროექტი) შეთანხმებულ იქნა 2006 წელს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე თავიდანვე დაპროექტებული იყო 20 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.14.08.001.088) უკვე გათვალისწინებული იყო სახლების მშენებლობა.

2006 წელს შეთანხმებულ გრგ-ში 2010 წელს შეტანილი იქნა ცვლილებები და შეთანხმებულ იქნა კორექტირებული გრგ. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებულ იქნა ე.წ. „ქალაქური ტიპის“ სახლების მშენებლობა.

2014 წელს შპს „მეტრა დეველოპმენტი“ ჩაერთო რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა 8 წლის გაჩერებული სამშენებლო ობიექტის დასრულებას და ასზე მეტი უიმედოდ დარჩენილი ბინის მესაკუთრის დაკმაყოფილებას.

რეაბილიტაციის პროცესის განხორციელება გათვალისწინებული იყო კომპანიის მიერ შეძენილი ფართების რეალიზაციითა და შეძენილი მიწის ნაკვეთის განვითარების შედეგად მიღებული სახსრებით. სწორედ სამშენებლო სამუშოების განახლების აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა გრგ-ს კორექტირება 2014 წელს.

აღნიშნული დოკუმენტაციით და გარემოებებით დასტურდება შპს „მეტრა დეველოპმენტის“ კანონიერი უფლებები და ინტერესები საპროექტო ტერიტორიასთან მიმართებაში.

მომჩივანთა ჯგუფის მუდმივი მცდელობა დაადანაშაულოს კომპანია გარიგებაში შესაბამის უწყებებთან და ბრალდებები ამჟამინდელი მერის მისამართით იმის თაობაზე, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია ქალაქ თბილისის მერიის დღეს გაცხადებულ პოლიტიკასთან და სტრატეგიასთან ეწინააღმდეგება მოვლენების ქრონოლოგიას და მოკლებულია საღ აზრს.

შესაბამისად, ამ გარემოებითაც დასტურდება, რომ მომჩივანთა მიზანია კომპანიის დისკრედიტაცია და სახელმწიფო უწყებების შანტაჟი.

ამას დამატებით ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრაზე მომჩივანთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრისგან, ბატონ იოსებ ნიბლაძისგან გაჟღერდა მუქარა, რომ „...კომპანია დაასრულებს ამ პროექტით არსებობას და ამისთვის ჩვენ |მომჩივრები| არ დავზოგავთ ძალებს...“.

როგორც კომპანიისთვის გახდა ცნობილი, მომჩივანთა ჯგუფის ერთ-ერთ ფარულ წევრს წარმოადგენს ასევე ბატონი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ზემოაღნიშნულ ბატონ იოსებ ნიბლაძესთან ერთად იყენებს ყველა რესურს და საშუალებას იმისათვის, რომ პირადი კონტაქტების გამოყენებით მოახდინონ მიმდინარე მოვლენების ესკალაცია და ამით ზეგავლენა მოახდინონ სახელმწიფო უწყებებზე.

ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ მათთან დაახლოებული ჯგუფის სხვა წევრისგან, ბატონი ირაკლი ტიკარაძისგან კომპანიის მისამართით ასევე გაჟღერდა მუქარა: „...არ გაჩერდებით და სხვანაირად მოგივლით...“.

კიდევ ერთხელ და ხაზგასმით კომპანია აკეთებს განცხადებას, რომ შპს „მეტრა დეველოპმენტთან“ გაფორმებულ ყველა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, „მეტრა პარკის“ კლიენტებს და მათ შორის მომჩივან პირებს უწერიათ, რომ: „...ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მყიდველი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია მიწის ნაკვეთის განაშენიანების პროექტი და ხელშეკრულების ხელმოწერით მყიდველი წინასწარ იძლევა თავის ცალსახა, უპირობო და გამოუხმობ თანხმობას მასზედ, რომ გამყიდველმა მოახდინოს მიმდებარე ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის) განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ-ს) კორექტირება ნებისმიერი პარამეტრებით, გამყიდველის სრული და შეუზღუდავი შეხედულებისამებრ”, რასაც მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით.

კომპანია აცხადებს, რომ მომჩივანთა ჯგუფის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სცდება ყველა ზღვარს და პირდაპირ ემსახურება კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაზიანებას, რასაც კომპანია ყველა სამართლებრივი საშუალების გამოყენებით გასცემს შესაბამის პასუხს. ამასთან, კომპანიამ დაიწყო სარჩელის მომზადება მომჩივანი პირების წინააღმდეგ სახელის და რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით, რომელსაც უახლოეს მომავალში წარუდგენს სასამართლოს,”-აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს