განათლების  კომიტეტმა   ვლადიმერ  აფხაზავასა  და  სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

სტუმრებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კომიტეტის წევრები გენადი მარგველაშვილი, გუგული მაღრაძე, ნინო წილოსანი და გივი ჭიჭინაძე მიესალმნენ. როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა ვლადიმერ აფხაზავას გამარჯვება არის ისტორიული წარმატება, რომლითაც ახალი ფურცელი გადაიშალა ქართველი მასწავლებლებისთვის. „ეს არის მაგალითი, თუ რამდენად დიდი აღიარება შეიძლება ჰქონდეს პედაგოგს, რომელიც მაქსიმალურ ენერგიას დებს თავის საქმეში და არა მხოლოდ პედაგოგიკით, არამედ ჰუმანიზმით, სიყვარულით გაძლევთ საშუალებას მოსწავლეებს, რომ იყოთ ძალიან წარმატებულები ცხოვრებაში. ჰუმანიზმი და პროფესიონალიზმი არის ის ორი უმთავრესი რამ, რაც არა მარტო წარმატებას მოგიტანთ, არამედ ძალიან კარგ ადამიანებად გაქცევთ“, - მიმართა მარიამ ჯაშმა მოსწავლეებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის სოფელ ჩიბათის სკოლის მონახულებას გეგმავს. მისი თქმით, ვლადიმერ აფხაზავა არა მხოლოდ ამ კონკრეტული სკოლის, არამედ ქართული პედაგოგიკის წარმატების სიმბოლო გახდა.

ამასთან, ვლადიმერ აფხაზავასა და მის მოსწავლეებს მიესალმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი. მისი თქმით, მოსწავლეებში არსებული უზარმაზარი რესურსების დანახვა, აღმოჩენა და სწორად მიმართვა-გამოყენება შეძლო ვლადიმერ აფხაზავამ, რაც მისივე შეფასებით, მასწავლებლის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

„ადამიანს, რომელიც ძალიან მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა ნებისმიერი დაწყებული საქმე. ლადო არის ამის საუკეთესო მაგალითი. მას გამოუვიდა თავისი მოსწავლეების წარმატება საოჯახო ტიპის სახლში, სადაც ბავშვები არაჩვეულებრივ ნაკეთობებზე მუშაობენ და ძალიან სწორად ვითარდებიან. ლადოს გამოუვიდა იმ მიზნის მიღწევა, რომელიც დაისახა. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ასეთი წარმატებით ივლის. ეს არის მოტივაცია ყველა მასწავლებლისთვის, მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ საქმეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვლადიმერ აფხაზავამ მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს, კომიტეტის წევრებს, ასევე კოალიციის “განათლება ყველასთვის – საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარეს, ირინა ხანთაძეს, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ქართველ ფინალისტთა ათეულის წარმომადგენლებს, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორს, მამუკა იმნაიშვილსა და მოსწავლეებს.

„ეს კონკურსი ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას და დღეს მე მიხარია, რომ ჩემ გვერდით არიან მოსწავლეები, რომლებმაც მომავალ პროფესიებად მასწავლებლობა აირჩიეს“, - განაცხადა ვლადიმერ აფხაზავამ.

მან ისაუბრა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ცალკეული მოსწავლეების მიერ შემუშავებულ და წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე.

მარიამ ჯაშმა ფინალისტ პედაგოგს პარლამენტის სახელით ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის შესაბამისი სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა