სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებულ ინიციატივაზე ირაკლი სესიაშვილს შეხვდებიან

„სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებზე, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების შეხვედრა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი სესიაშვილთან ერთი კვირის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილემ ადამ შანთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული კანონი მათ აძლევს შესაძლებლობას, სასულიერო პირმა მსახურება გააგრძელოს, როცა მათ სამხედრო სავალდებულო გაწვევა უწევთ. კანონში შესატანი ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი ისინი არსებული უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

ადამ შანთაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რელიგიური გაერთიანებების მიმართ თანაბარი მიდგომა იყოს. მისივე განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა მათ გუშინ შეხვედრა ჰქონდათ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებების ინიციატორთან ირაკლი სესიაშვილთან, რომელმაც მზაობა გამოთქვა საკითხთან დაკავშირებით შემდგომი მსჯელობისა და კონსულტაციებისთვის. ამ მიზნით ერთი კვირის შემდეგ კიდევ მორიგი შეხვედრა გაიმართება.

„მიგვაჩნია, რომ ზოგადად ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით უნდა იყოს თანაბარი მიდგომა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ. სხვა საკითხია, სამხედრო სამსახური სავალდებულო იქნება თუ არა. ორივეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მუსლიმი მოქალაქეებისათვის არც ესაა პრობლემა, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო იყოს. ამაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ მთავარია, რომ კანონი თანაბრად ავალდებულებდეს ყველას მსახურებას და თუ რაიმე პრივილეგიებსა და შეღავათებს ითვალისწინებს, თანაბრად ვრცელდებოდეს მოცემულ შემთხვევაში ყველა რელიგიურ გაერთიანებებზე. არ აღიქმებოდეს დისკრიმინაციულად და არ იყოს დისკრიმინაციული მიდგომა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არსებული კანონმდებლობით ვსარგებლობდით, მაგრამ ჩვენი მხრიდან სამხედრო კომისარიატში შეღავათებთან დაკავშირებით ცნობა გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სასულიერო საქმიანობაში, რათა მათ თავიანთ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ. მაგალითად, თუ მეჩეთის იმამი 27 წლამდე ასაკისაა და კანონი ითვალისწინებს 27 წლამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ამ შემთხვევაში შეღავათით სარგებლობისას ის თავის სასულიერო საქმიანობას აგრძელებდა", - განაცხადა მუფტის მოადგილემ.

მისივე თქმით, მათ სულ რამდენიმე, ოთხი-ხუთი ასეთი სასულიერო პირი ჰყავთ, რომელთაც ჯარში გაწვევა უწევდათ და შესაბამისი კომისარიატის ან შესაბამისი ცნობა გაიცა.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაინიციატივა მოამზადა. პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები, რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

იხილეთ ვიდეო: სრულიად საქართველოს მუფტი - კანონში სხვადასხვა კონფენსიების მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა იყოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა