ლევან იზორია - დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრი გახდეს

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება. დღეს ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ განცხადებები გააკეთეს.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში მკაფიო გზავნილია როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ქვეყანაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და სხვა მიმართულებებთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

„მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი იმ ვალდებულებების შესრულებისას, რომელიც უწყებას დაეკისრა. ჩვენ ასევე გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩატარდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეხუთე შეხვედრა, სადაც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა მოგერინიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა ის წარმატებები, რასაც საქართველო აღწევს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

მე მინდა სიამოვნებით აღვნიშნო ასევე, რომ ქართველი მშვიდობისმყოფელები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საწვრთნელ მისიებში, კერძოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ ნაკისრ ვალდებულებებს გავაგრძელებთ, იმისთვის, რომ განვიმტკიცოთ უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ევროკავშირთან ერთად ჩვენი კონტრიბუციით მომავალშიც განვახორციელებთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც იზორიამ განაცხადა, მომავალ კვირას საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ესტუმრება.

„მე მინდა ასევე, მადლიერებით აღვნიშნო, რომ თქვენი ვიზიტი დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, იმართება საქართველოში ნატო -საქართველოს სწავლებები. ჩვენ ველოდებით მომავალ კვირას ასევე სტრატეგიული დონის ვიზიტებს. საქართველოს ესტუმრება ნატო-ს გენერალური მდივანი, სამხედრო კომიტეტი, ასე რომ, ერთობლივი ძალისხმევით და თქვენი მხარდაჭერით ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, დარწმუნებული ვარ მივაღწევთ“, - განაცხადა იზორიამ.

ამ წუთებში პედრო სერანოს ლექცია თემაზე : „ევროკავშირი - საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ მიმდინარეობს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა