არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები

ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მეორე დღეა გრძელდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გააკრიტიკა, რადგანაც მათგან ვერ მოისმინა „მინისტრის საათის“ დროს ვერცერთი საქმიანი კითხვა. ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს უსაყვედურა, რატომ არ გადაუხადეს მათ მადლობა თეა წულუკიანს „მათი გაფუჭებული საქმის გაკეთებისთვის“.

„სამწუხაროდ, მე უნდა აღვნიშნო მთავარი, რაც გუშინაც და დღესაც გამოჩნდა. ოპოზიციას არავითარი საქმიანი კითხვა და არანაირი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. რა გჭირთ, რა დაგემართათ? ხომ შეიძლება, რომ 100 კითხვიდან ერთი მაინც საქმესთან დაკავშირებით დასვათ? გასაგებია, რომ რაღაც კომპლექსი გაწუხებთ თქვენს წარსულთან დაკავშირებით და გინდათ, ეს გადაფაროთ ასეთი აგრესიული და ცინიკური კითხვებით, მაგრამ ვერ გადაიფარება. ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს. უბრალოდ თქვენ თვითონ გამოდით წარსულის ამ კომპლექსიდან.

დაიწყეთ თავდაჯერებული ირონიით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ, იმიტომ, რომ ვერაფერი მოუხერხეთ თეა წულუკიანს პარლამენტში, ვერც მინისტრის საათში და ვერც სხვა საზედამხედველო მექანიზმით.

ისევ ჩვენ მოგვიწევს მწვავე შეკითხვების დასმა. ისევ საპარლამენტო უმრავლესობამ დასვა ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა.

ეს რა მოიფიქრეთ კიდევ, შვიდჯერ რომ გაიმეორეთ, აშანტაჟებს პარტიის თავმჯდომარეს, აშანტაჟებს გუნდს და პრემიერსო... თქვენ მართლა გგონიათ, რომ ასეთი იაფფასიანი პოლიტიკაა საქართველოში, როგორსაც თქვენ აკეთებდით და გგონიათ, რომ გუნდის წევრები ახლა ერთმანეთზე გაბრაზდებიან თუ იტყვით, რომ ერთი მეორეს თითქოს აშანტაჟებს? მართლა გგონიათ, რომ რამე ინტრიგას დათესავთ? ცოტა მაღალ კლასზე გადადით, დამთავრდა ეგ მარტივი პოლიტიკა, რაღაც მარცვალს რომ გადააგდებდით და ელოდებოდით, როდის აღმოცენდებოდა რაღაც პოლიტიკური კონფლიქტი. მაგაზე უმრავლესობიდან ვერავის გააბრაზებთ. უკეთესი და რამე უფრო რთული მოიფიქრეთ.

ახლა ის მაინტერესებს, მადლობა მაინც თუ გადაუხადეთ თეა წულუკიანს, რომ თქვენი გაფუჭებული საქმეები აკეთა წლების განმავლობაში? ერთი სიტყვა დაგცდენოდათ ასეთი მამულიშვილური და ხმამაღალი ინტონაციებით რომ გამოხვედით, რუსეთთან მოგებულ საქმეზე. მსოფლიო პრეცედენტია, რომ პატარა ქვეყანამ, რომელსაც დასავლური კურსი აქვს, მოუგო რუსეთს სტრასბურგში სასამართლო. ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, „თქვე“ პროდასავლური ოპოზიციის წევრებო. ლამის ელექტროშოკით აწამებდით ადამიანებს სასჯელაღსრულებაში და დღეს თქვენ თვითონ „ოცნებობთ“, როდის მოხდება სასჯელაღსრულების სისტემაში ბარათების ელექტრონიზაცია. აი, ეს არის მთელი ევოლუცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დღემდე თუ რა შეიცვალა სახელმწიფოში, რომ მინისტრი მოდის და პასუხებს სცემს დიდი მოთმინებით? ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები, იმიტომ, რომ ერთი კითხვაც, მადლობაც ან კომენტარიც არ გაგიკეთებიათ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზედაც ნამდვილი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დასავლეთში პოზიციონირებისათვის,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს