მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებები გააკეთა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებები გააკეთა.

„ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება პორტთან დამაკავშირებელ გზას და რკინიგზას. ამ ნაწილში ბანკების მოთხოვნაა, რომ სამუშაოები, განსახლება და ყველა პროცესი, წარიმართოს დონორების წესების შესაბამისად, რაც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული. ჩვენ გზა და რკინიგზა უნდა ავაშენოთ სახელმწიფო დაფინანსებით, რაც გვიხსნის დონორების პროცედურების დაცვის ვალდებულებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არსებული სამუშაოების გრაფიკი ამას არ ითვალისწინებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა სასესხო ხელშეკრულებას ეხება.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს დღეს აქვს უფლება დაამტკიცოს საკრედიტო ხელშეკრულებების პირობები, ხოლო ბანკების წინადადებაა, მთავრობას მხოლოდ სესხის ოდენობა და ვადა შეუთანხმდეს.

„რა თქმა უნდა, ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია, რასაც ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ მაშინ როცა მთავრობა სესხის უზრუნველყოფის გარანტია და პარალელურად, სესხის შეთანხმების ნაწილში, ასეთი შეზღუდვები შემოდის, ცოტა გაუგებარია, თუმცა ამ თემაზეც ვაგრძელებთ მოლაპარაკებას”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბანკების მხრიდან არის დასახელებული, ეს არის ხელშეკრულების შეწყვეტა და კომპენსაციის რეჟიმი ინვესტორის დეფოლტის შემთხვევაში.

„ეს ეხება უშუალოდ მთელი სესხის უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული პირობა, რომლის მიხედვითაც თუ ხელშეკრულება წყდება, მთავრობის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ინვესტორის მიზეზით, პორტი ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, იწყება ხელახლა ინვესტორის მოძიება და ის ვალდებულებები, რომლებიც ინვესტორს აქვს აღებული ბანკების წინაშე, გადადის სხვა ინვესტორზე. ამ ეტაპზე, ბანკების მოთხოვნაა სესხების გარანტი იყოს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება გაწყდება სახელმწიფოს ბრალით, 400 მილიონი სესხის დაფარვა მოხდეს დაუყოვნებლივ სახელმწიფოს მიერ, ხოლო თუ ინვესტორის გამო მოხდება ხელშეკრულების გაწყვეტა, სახელმწიფომ ეს სესხი სრულად აუნაზღაუროს ბანკებს 4 წლის განმავლობაში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, თუ მთავრობა ამ ცვლილებებზე დათანხმდება, სახელმწიფოს უწევს ინვესტორის კომერციული რისკების აღება და პრაქტიკულად, სესხის სრულად უზრუნველყოფა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა