თსუ-ში ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო

თსუ-ში ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს სამეცნიერო კონფერენციით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციის გახსნას თსუ–ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის სახელმწიფო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ–ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ჯემალ აჯიაშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

„ბატონმა ჯემალმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში. იგი იყო ბრწყინვალე მთარგმნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესანიშნავი ლექტორი, წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო ალმა-მატერთან,“ – განაცხადა შერვაშიძემ.

საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შაფთაი ცურის თქმით, ჯემალ აჯიაშვილი არა მხოლოდ საქართველოსთვის, ისრაელისთვისაც გამორჩეული საზოგადო მოღვაწე იყო.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯემალ აჯიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს კულტურის საკითხებში საქართველოს დესპანი იყო, დიდი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებაში. ჯემალ აჯიაშვილი იყო ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება, არა მარტო პოეტი და მწერალი, ის იყო საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი. მას მრავალი სტატუსი გააჩნდა სიცოცხლის განმავლობაში და კარგია, რომ საქართველო ასეთ თარიღებს აღნიშნავს,“ - განაცხადა ელჩმა.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჯემალ აჯიაშვილის მოღვაწეობა გაიხსენა.

„ჯემალ აჯიაშვილი სრულიად უნიკალური მოვლენა იყო, არა მხოლოდ როგორც მთარგმნელი და პოეტი, არამედ თავისი ცხოვრების წესითაც. იგი იყო სულით ხორცამდე მეგობარი ორი ერის - ქართველების და ებრაელების,“ – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

თსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, ჯემალ აჯიაშვილმა დიდი როლი შეასრულა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ესთეტიკური აზრის განვითარებაში.

„ჯემალ აჯიაშვილის მთარგმნელობითი და პოეტური მოღვაწეობა - ეს არის ქართული ლიტერატურისა და კულტურის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი. ძალიან გვიხარია, რომ იუბილეს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ. მათ იციან ჯემალ აჯიაშვილის ფასი,“ – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დოკუმენტური ფილმის „ჯემალ აჯიაშვილი“ ჩვენება გაიმართა, რომელიც საარქივო მასალებზე დაყრდნობით თსუ ტელე-კინოხელოვნების კათედრის ასისტენტმა ნინო გელოვანმა მოამზადა.

ასევე, იუბილეს ფარგლებში გაიმართა ჯემალ აჯიაშვილის წიგნების, ხელნაწერებისა და პირადი ფოტოების გამოფენა და მოგონებების საღამო; პოეტური თარგმანის კონკურსში გამარჯვებული თსუ–ს სტუდენტი გიორგი ხულორდავა კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.

ღონისძიებათა ორგანიზატორი თსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა