მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის ოპერატორთან დაკავშირებით პიარი კონსორციუმის მხრიდან, სამწუხაროდ, აცდენილია კონსორციუმის მიერვე წარმოდგენილ დოკუმენტაციას

პორტის ოპერატორთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა ინფორმაციაა და ის პიარი და კამპანია, რასაც ჩვენ ვხედავთ კონსორციუმის მხრიდან, სამწუხაროდ, აცდენილია კონსორციუმის მიერვე წარმოდგენილ დოკუმენტაციას, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„კონსორციუმი ცდილობს ვითარების წარმოჩენას ბევრად უფრო დადებითად, ვიდრე სინამდვილეშია. გასაგებია მათი ინტერესი, რადგან ინვესტორები არიან. ჩვენ ვისმენთ კონსორციუმისგან, რომ ოპერატორი არის SSA MARINE, გიგანტი კომპანია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არა მხოლოდ სხვა კომპანიაა ამ პროცესში ჩართული, არა ის, რომ შვილობილი კომპანიაა, ესეც რომ ყოფილიყო პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მთავარი პრობლემაა, რომ არის პორტის ოპერატორის განსხვავებული მოდელი. ხელშეკრულების პირობებით, პორტის ოპერატორი, ისევე როგორც სტრატეგიული ინვესტორი, უნდა ყოფილიყო გამოცდილი ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფდა პორტის სრულ კომერციულ საქმიანობას. ეს ნიშნავს იმას, რომ არ იქნებოდა კომპანია, რომელიც უბრალოდ კონტეინერების გადატვირთვას უზუნველყოფს გარკვეულ დროში. ეს უნდა ყოფილიყო ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფდა პორტის კომერციულ საქმიანობას. ასეთმა ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, პირველ რიგში, პორტის საფასო პოლიტიკა, უნდა მოიზიდოს ტვირთები, დაამყაროს ურთიერთობა როგორც გადამზიდავ ხაზებთან, ასევე ტვირთების მფლობელებთან და როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის პორტი, რომელიც მხოლოდ ქართულ შიდა ტვირთებს უნდა მოემსახუროს. ეს არის პორტი, რომელიც აზიის და ევროპის ნაკადებს აკავშირებს ერთმანეთთან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პორტის ოპერატორს უნდა გაეაზრებინა ყველა ის კომერციული რისკი, რომელიც ამ პორტს შეიძლებოდა ჰქონოდა იმის გათვალისწინებით, რომ რთული რეგიონია, ახალი პორტია და ისეთი ბაზარია, რომელიც ასათვისებელი და განსავითარებელია.

„ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიღებთ მცირე კომპანიის, სხვა ზომის კომპანიის, სხვა მასშტაბის და მოცულობის მქონე კომპანიის მხოლოდ ხუთ თანამშრომელს, ქართულ კომპანიაში, რომელიც იქნება დაფუძნებული ერთობლივად ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ვიღებთ მოდელს, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის პორტის კომერციული ოპერატორი. ხოლო ის კომპანია, სადაც ეს ხუთი კაცი იმუშავებს, იქნება მხოლოდ ტექნიკური ოპერატორი და იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ იმაზე, რომ პორტი, როგორც ტექნიკური სტრუქტურა ოპერირების თვალსაზრისით, დროულად გადმოტვირთავს გემებს და უსაფრთხოდ განათავსებს კონტეინერებს და მოემსახურება ტვირთვის მფლობელებს, რაც შეეხება მთელ დანარჩენ კომერციას, ფასების განსაზღვრას, ფინანსურ ურთიერთობებს და ა.შ. ეს ყველაფერი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელშია, რომელზეც ყველანი დაგვეთანხმებით, რომ არ ჰქონია და არ აქვს პორტების ოპერირების და მით უმეტეს, ახალი პორტების შექმნის და განვითარების გამოცდილება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა რისკი გარდა ტექნიკურისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება.

„შესაბამისად, ეს არის განსხვავება იმ მოდელისგან, რომელიც იყო თავდაპირველად, რომლის „გაყიდვას“ ცდილობს კონსორციუმი და საზოგადოებისთვის წარმოჩენას, რომ მისი პარტნიორი სინამდვილეში პორტების გამოცდილი ოპერატორია SSA MARINE, რომელიც მსოფლიოში 250-ზე მეტ პორტის ოპერირებას აწარმოებს. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიღებთ ხუთ თანამშრომელს, რომელიც სხვა თანამშრომლებთან ერთად ქართულ კომპანიაში პასუხისმგებელია მხოლოდ ტექნიკურ ოპერირებაზე, ხოლო ყველა რისკი რჩება ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დღეს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უსმენენ. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა