მაია ცქიტიშვილი - თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან

არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან, თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, დაესვათ თუ არა კითხვები მამუკა ხაზარაძისთვის, პროკურატურას მინისტრებთან და ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია.

„სხვა დროა საქართველოში. პროკურატურა მე არ მითანხმებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც; ასევე, არავინ სხვას არ უთანხმებს. შესაბამისად, იყო თუ არა წინასწარი კონსულტაციები ჩემთან ან სხვა მინისტრებთან იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა აპირებს კითხვა დაუსვას მამუკა ხაზარაძეს და შეიძლება თუ არა? - სხვა დროა და ეს ასე არ ხდება. ბატონ ბიძინასაც არ ეკითხებიან ამას. მეც ვისურვებდი, რომ კითხვები არ ყოფილიყო საერთოდ დასმული და ისეთი დამფუძნებელი ჰყოლოდა პროექტს, რომლის მიმართაც კითხვები არ ყოფილიყო. მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ იმას, რომ არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან, არცერთი თანამდებობა, არცერთი ბანკის მეწილეობა და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს იმ შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დღეს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უსმენენ. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო