საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო შვეიცარიული მხრიდან - საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტინა მარტი ლანგი (Ms. Krystyna Marty Lang).

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მიესალმნენ ორი ქვეყნის ურთიერთობებში გამოკვეთილ ბოლოდროინდელ დინამიკას. ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლიერება გამოხატა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მრავალწლიანი ჩართულობისა და საქართველოში განხორციელებული პროექტების გამო, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციაში.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მიესალმნენ შვეიცარული კომპანიების წარმატებულ ოპერირებას ქართულ ბაზარზე. ისაუბრეს სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტების რაოდენობის მზარდ დინამიკაზე და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებზე როგორც ეკონომიკური, ასევე დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც დამატებით იმპულსს მისცემს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

კონსულტაციების ფარგლებში, განიხილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. ქართულმა მხარემ მოისმინა შვეიცარიის გამოცდილების შესახებ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. მინისტრის მოადგილემ შვეიცარიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის შესახებ. ვახტანგ მახარობლიშვილმა შვეიცარულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვეიცარიის, როგორც მედიატორის როლს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში.

ქრისტინა მარტი ლანგმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემაზეა დაფუძნებული. მან ხაზი გაუსვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში საშუამავლო ფუნქციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარული მხარე პოზიტიურ წვლილს შეიტანს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, კოორდინირებული ქმედებებით, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო