ბათუმის უნივერსიტეტის რექტორისთვის გაურკვეველია, რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მას უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა. როგორც ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი უკრაინაში არასოდეს ყოფილა და გაურკვეველია მისადმი უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება.

„არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიმიღია, მე ეს გავიგე რადიო "თავისუფლებისგან". აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, ვიტოვებ იმედს, რომ ეს იყო აბსოლუტური გაუგებრობა. უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა წერილი და ჩვენ გავაგზავნეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ვგეგმავთ წერილის გაგზავნას უკრაინაში საქართველოს საელჩოში და ასევე გადავწყვიტე, წერილი გავუგზავნო ყველა იმ უკრაინული უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს უნივერსიტეტთან. 27 უნივერსიტეტია ასეთი. ერთადერთი რა ვერსიაც მაქვს, არის ის, 2017 წელს ხერსონისის მუზეუმიდან მე მივიღე მოწვევა იმის შესახებ, რომ სევასტოპოლში იმართებოდა სამეცნიერო კონფერენცია ხერსონისის ანტიკური პერიოდის შესახებ. მას შემდეგ რაც გავარკვიე, რომ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა რუსეთის ანტიკოსთა ასოციაცია, მე ვთქვი უარი მონაწილეობაზე - ჩასვლა კი არა, მოხსენებაც არ გამიგზავნია. მე არ ვიცი, ეს თუ გახდა საფუძველი, სხვა შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ არსებობს და რა თქმა უნდა, ვიტოვებ უფლებას, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოვთხოვო სათანადო პასუხი იმ უგუნურებასთან დაკავშირებით, რა განკარგულებასაც მოაწერა ხელი“,- განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 20 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს. სანქციების რამდენიმე მიზეზია დასახელებული – მათ შორის, „ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა“, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგანიზების ჩატარება და ხელშეწყობა“, „ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება“, „ყირიმში უკანონოდ ჩასვლა“, „უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება“.

არსებული ინფორმაციით, სანქციები ასევე დაუწესდა არქეოლოგ მირანდა თურმანიძეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა