კახა კალაძე – ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად, არაფერს ვაკეთებთ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთავრობა ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, რაც მომდევნო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ნინო შავერდაშვილის შეკითხვას უპასუხა. მერის განაცხადებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ქალაქში საკმაოდ დიდია, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა.

„ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ჩვენ საქმიანობას ოფიციალურად შევუდექით. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად, არაფერს ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ თბილისელს აწუხებს. შესაბამისად, ვმუშაობთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებული ავტობუსების პარკი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით და მისი განახლება, ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით შვებას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებები მივიღეთ სამშენებლო მიმართულებითაც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ რეგულაციებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მშენებლობა, როგორ უნდა ვიყოთ დაცული იმისგან, რომ ჰაერი არ დაბინძურდეს. მნიშვნელოვანია ასევე, სკვერების გამწვანება, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა. ეს ყველაფერი საერთო ჯამში, მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მომდევნო წლების განმავლობაში გამოსწორდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა