მთაწმინდის გამგებელი -  ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი  უპრეცედენტოა

მთაწმინდის რაიონში, ვილნიუსის სკვერი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით, უპრეცედენტო პროექტი იქნება, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ავთანდილ ბალახაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გამგებლის განცხადებით, ამ ეტაპზე, სკვერის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები - არსებული, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანის პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა თანხების მობილიზება მხოლოდ მიმდინარე წლისთვის მოხერხდა და მისი ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიონ ლარს შეადგენს.

გამგებლის განცხადებით, დაგეგმილია სკვერის სრული რეაბილიტაცია, თუმცა დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, სრულიად ახალი სკვერი მოეწყობა.

ვილნიუსის სკვერი ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობს. სკვერის რეაბილიტაციის პროექტი თბილისს ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავები გაშენდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო მოედნების მოწყობას, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდება, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის.

მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, სამ თვეში დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა