მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას

„ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული“ , - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელსაც ინტერპელაციის წესით პარლამენტში უსმენენ.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში ისევ დაბალია და ეროვნული შეფასებების შედეგების მიხედვით მოსწავლეების უმეტესობას დაბალი კომპეტენციები აქვს ადასტურებს, რომ სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღებით განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების კუთხით.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ტესტი სათანადოდ არ ამოწმებდა იმ მასშტაბური პროგრამის დაძლევის შედეგს, რაც სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმით არის მოთხოვნილი. შესაბამისად, მოკლებული იყო სანდოობასა და ვალიდურობას.

ტესტური დავალებები ვერ აფასებდა მაღალ სააზროვნო უნარებს და ორიენტირებული იყო ძირითადად ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაზე. შესაბამისად, მასწავლებლები და მოსწავლეები, სწორედ ამ ტიპის პროცესებზე გახდნენ ორიენტირებულნი, რამაც უინტერესო გახადა საგაკვეთილო პროცესები, შეზღუდა მრავალფეროვანი აქტივობები და ეროვნული მიზნების მიღწევას ზიანი მიაყენა.

„ტესტის ჩაბარების შედეგები არ ასახავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით მოსწავლეთა რეალურ შესაძლებლობებს. ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესებით მოსწავლეების დასწრება არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა. მოსწავლეები მოწყდნენ საგაკვეთილო პროცესებს და ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაიწყეს სკოლის გარეთ მომზადება. რეალურად, მთავარი აქცენტი ბოლო კლასებში გადავიდა გამოცდის ჩაბარებისთვის მზადებაზე და არა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა, როგორც ინსტიტუცია და რეალურად, სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის - გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა ისე, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული“ ,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა