საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში იტალიური გამოფენების ციკლს აგრძელებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში იტალიური გამოფენების ციკლს აგრძელებს და 27 მარტიდან მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის – ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენას წარმოგიდგენთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

გამოფენისთვის – „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის“ 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარი შეირჩა. ექსპოზიცია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ დე კირიკოს ყველაზე „ნატურალისტური“ ნამუშევარიც კი ყოველთვის სიურრეალისტურ სამყაროზე მიანიშნებს.

საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. ეროვნული მუზეუმის ცნობით, აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'italiana", საქართველოს მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი. გამოფენა იტალიის კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით იმართება.

ცნობისთვის, სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობად დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერაა მიჩნეული. მხატვარი ქალაქების სტრუქტურას, სახლების არქიტექტურას, კვადრატებს, ბაღებს, საჯარო მსვლელობებს, კარიბჭეებსა თუ რკინიგზის სადგურებს გადმოსცემს კაშკაშა განათების, მკვეთრი ჩრდილებისა და მკაფიო ფერების მეშვეობით და თითქოს მარადიული ფორმების იდეალს ამკვიდრებს. მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩანს ანტიკური და რენესანსული მოტივები.

იტალიელი ხელოვანი თავის შემოქმედებაში იყენებს ეზოთერიზმის პრინციპებს და გულგრილი ვერ რჩება ენიგმატური შინაარსის მქონე მიმდინარეობის მიმართ – მან შეძლო უსულო საგნების საიდუმლო მნიშვნელობით გაჯერება, რაც კარგად ჩანს მის პირველივე მეტაფიზიკურ ნამუშევარში „შემოდგომის შუადღის ენიგმა“ (The Enigma of an Autumn Afternoon“).

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს