ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხალხს დაუბრუნდა განცდა, რომ ისინი ენდობიან არჩევნებს

ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან მოყოლებული, ხალხს დაუბრუნდა განცდა, რომ ისინი ენდობიან არჩევნებს და მათი ხმა არის გადამწყვეტი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კონფერენციაზე - „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე - „მომავალი არჩევნები - შესაძლებლობები და გამოწვევები, დიალოგის პლატფორმები“ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის მზად არის.

„მივესალმები ნებისმიერ დიალოგს, რომელიც თუნდაც პოზიციების კრიტიკის ფონზე შეიძლება წარიმართოს, თუმცა მთავარია ჩვენ დავრჩეთ დიალოგის ფორმატში და გადავდგათ სამომავლო თანამშრომლობისთვის კონკრეტული ნაბიჯები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით გიდასტურებთ მზაობას, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა დონორ ორგანიზაციასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან იმისთვის, რომ ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო გარემო, საარჩევნო სისტემა, ის ცვლილებები, რაც გვსურს რომ განვახორციელოთ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პროცესის კიდევ უფრო მეტ დემოკრატიზაციას“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო საკითხებს შეეხო.

„მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარული სისტემა უქმდება 2020 წლის არჩევნების შედეგების შემდგომ და შემოდის პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამ სისტემის მოთხოვნაზე ძალიან ხშირად იყო საუბარი, იგივე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, საარჩევნო ბლოკების გაუქმებაც მოხდება 2020 წლის შემდგომ და პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტებმა განავითარონ საკუთარი პლატფორმა. ამ მიზანს ემსახურება ეს ცვლილებები საბოლოოდ. ასევე, საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის 2020 წლის შემდგომ იქნება 5%-იანი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დიდი დისკუსია გაიმართა და იყო მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით, თუმცა აუცილებელი გახდა კომპრომისზე წასვლა.

„ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან აქტიური საუბარი. ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციის პროექტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების თაობაზე და ვიყავით ამისთვის მზად, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საჭირო იყო კონსენსუსი გუნდის შიგნით. მოგეხსენებათ, რომ ეს არ გახლავთ საკითხი, რომელიც დემოკრატიულობა არადემოკრატიულობის ზღვარზე გადის. ისე როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება და სხვათა შორის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ასევე თანხმობა აქვს გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ ყავდეთ ინდივიდუალური წარმომადგენელი - მაჟორიტარი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან დიდი მსჯელობის საგანი. ამიტომ, ჩვენ მოგვიწია წავსულიყავით გარკვეულწილად კომპრომისზე. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავჯდომარე მხარს უჭერდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ჩვენც ვემხრობოდით ამ პოზიციას, მოგვიწია კომპრომისზე წასვლა. ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ამის ნაცვლად წავედით კომპრომისზე, როდესაც ჩვენ საარჩევნო ბარიერი, ერთჯერადად, 2020 წლისთვის სამ პროცენტზე დავწიეთ და ასევე, საარჩევნო ბლოკების გაუქმების საკითხის გადავდეთ. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, რომ მიეცეს უფრო მეტ პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და უფრო წარმომადგენლობითი იყოს 2020 წელს არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაძაბული არჩევნები. მისივე თქმით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეტაპობრივად ახორციელებდა მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც მიმართულია საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ და კიდევ უფრო გაჯანსაღებისკენ.

„2018 წლის არჩევნებზე, ჩვენ ვიხილეთ აგრესიული ტონი, სიძულვილის ენა, რომელიც მოხვედრილია, ასევე, საერთაშორისო და სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაანალიზებთ ყველა ამ კრიტიკულ მოსაზრებას“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში, ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, სხვადასხვა ანგარიშებში აისახა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, 2019- 2020 წლების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ცალკეა გამოყოფილი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხები.

„აქ საფუძველი იქნება, სწორედ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცემული რეკომენდაციების ანალიზი. ჩვენ ვითანამშრომლეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, გავაანალიზებთ ყველა იმ ანგარიშს, რაც საქართველოს შესახებ არის წარმოდგენილი, იგივე საპრეზიდენტო არჩევნების დროს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთობლივად კიდევ უფრო მეტ საინტერესო ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ ის გამოწვევები, ხარვეზები, რაც ამ არჩევნებზე დაფიქსირდა, მაქსიმალურად აღმოფხვრათ და მოვახდინოთ მათი პრევენცია. იქ, სადაც საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება და რეაგირება, მოვახდენთ რეაგირებას იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კონფერენციაში - „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“, ასევე, მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს