ევროკავშირის დაძმობილების ახალი პროექტი „ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში“ დაიწყო

საქართველოში ევროკავშირის დაძმობილების ახალი პროექტი „ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში“ დაიწყო, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა საბერძნეთია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პროექტი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის ამაღლების პროცესში.

„აღნიშნული რეფორმა, ხელს უწყობს გაუმჯობესებული კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბებას, ბიზნესსექტორში გამჭვირვალობის ზრდასა და მის განვითარებას. იგი მნიშვნელოვანია ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკაში რისკების შემცირებისთვის. ამ რეფორმის შედეგები აისახება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე. ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია რეფორმის გაძლიერებისა და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

„ევროკავშირის სტანდარტებსა და პრაქტიკასთან საქართველოს კანონის მეტად დაახლოება და სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობის და სტაბილურობის განმტკიცებას, რაც უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, ვინსენტ რეიმ.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის. აუცილებელია ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი იყოს სანდო და გამჭვირვალე. ამ სფეროში საქართველო არ განიცდის გამოცდილების ნაკლებობას, თუმცა საჭიროა, ქვეყანამ პირნათლად შეასრულოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, რადგან საბერძნეთმა გაიარა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენც გვქონდა იგივე პრობლემები, რომლებიც ამჟამად თქვენ წინაშეა, ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენთვის უფრო მარტივია დაგეხმაროთ რეფორმის განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

პროექტის ლიდერებმა - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ და საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოდან (HAASOB) პანაიოტის იანოპულოსმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს პროექტის ამოცანები და აღნიშნეს, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, ისინი გეგმავენ მჭიდრო და გრძელვადიან თანამშრომლობას.

პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ბიზნეს ასოციაციების, სახელმწიფო დაწესებულებების, აკადემიური წრეების, პროფესიული ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

დაძმობილების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მიიღწევა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან სრულფასოვანი დაახლოების გზით. პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში.

საწარმოების ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება არსებითად მნიშვნელოვანია უფრო გამჭვირვალე, სტაბილური და კეთილდღეობის ხელშემწყობი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის და შედეგად, ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

დაძმობილების პროექტების მეშვეობით, ევროკავშირი ხელს უწყობს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს საჯარო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას. ამგვარი პარტნიორობა ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ექსპერტული ცოდნის გადაცემას ისეთი აქტივობების მეშვეობით, როგორიცაა სემინარები, ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და სხვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს