საგამოძიებო სამსახურმა თბილისში აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირებს შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში, ხალხმრავალ ადგილებში - ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი 5 ერთეული სათამაშო აპარატი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.