სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადეს

თუ სოციალური მუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მუშაკების გაფიცვის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, სოცმუშაკებს 22 მოთხოვნა აქვთ, თუმცა აქედან 5 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ.

„მოგეხსენებათ, 22 მოთხოვნა გვაქვს. თუმცა, 22-ვეს შესრულებას დღესვე არ ველოდებით, მაგრამ 5 ძირითად მოთხოვნაზე შევჯერდით, რომელთა შესრულებასაც დაუყოვნებლივ ვითხოვთ. ესენია - თითო სოციალურ მუშაკზე დაანგარიშდეს მაქსიმალურ საქმეთა რაოდენობა 50 და დაუყოვნებლივ დაემატოს შესაბამისი რაოდენობის კადრები; საპროცესო წარმომადგენლობა, რომელიც აბსოლუტურ პარალიზებას უკეთებს სოცმუშაკების სამუშაოს, ჩამოგვცილდეს. შეიქმნას ცალკე მობილური ჯგუფი, რომ სოცმუშაკს ჩამოსცილდეს არასრულწლოვნის პოლიციაში და სასამართლოში წარმომადგენლობა; ასევე ვითხოვთ ტრანსპორტს და ფსიქოლოგს ყველა ცენტრისთვის, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს ამით სარგებლობა. ასევე ვითხოვთ ხელფასის 30%-იან მატებას, რომ სოციალური მომსახურების სოცმუშაკების ხელფასები გაუთანაბრდეს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული სოცმუშაკების ხელფასს. უნდა დაითვალონ რამდენი სოციალური მუშაკის დამატება იქნება საჭირო, ჩვენი მითითებაა, რომ არც ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი. ახლა ამ საქმეების რაოდენობა 200-ს სცდება და ზოგ სოცმუშაკს 300 საქმეც აქვს თვის მანძილზე და ბენეფიციარები ვერ იღებენ შესაბამის მომსახურებას. ვაცნობიერებთ, რომ საქმეს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ამას ჩვენი დამსაქმებელი ვერ ან არ აცნობიერებს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სოცმუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

„თუ ეს ხუთი მოთხოვნა არ შესრულდა, სოციალური მუშაკები არ უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. ამ გაფიცვის ადრესატი არის საქართველოს მთავრობა და პრემიერი. საუბარი ჯანდაცის სამინისტროსთან ფაქტობრივად დავასრულეთ, გვითხრეს, რომ მათ ფაქტობრივად არაფრის გაკეთება შეუძლით. მედიაციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გვქონდა მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან და სოცმომსახურების სააგენტოს დირექტორთან, თამაზ მოდებაძესთან. შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა. მათი პოზიციაა „საბანი სადამდეც გაგვწვდება, ისე უნდა დავიფაროთო“, ჩვენ მეტის გაკეთება არ შეგვიძლიაო“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

ცნობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დღეს დილით დაიწყო. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მათი აქცია იმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს