პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ, პარლამენტმა 10-ჯერ მოუსმინა მინისტრებს და 3-ჯერ გაიმართა „მინისტრის საათი“

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო რეფორმის პირველი შედეგები შეაჯამეს.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეული შედეგები, რომლის თაობაზეც ანგარიში საზოგადოებას დღეს თამარ ჩუგოშვილმა წარუდგინა, ასეთია:

პარლამენტმა 10-ჯერ მოუსმინა მინისტრებს. 3-ჯერ გაიმართა „მინისტრის საათი“. მინისტრები პარლამენტში გამოცხადდნენ ოპოზიციური ფრაქციების ორივე მოთხოვნის საფუძველზე. მინისტრების მოსმენა ჯამში 57 საათს და 30 წუთს გაგრძელდა. პარლამენტარებმა მათ 336 შეკითხვა დაუსვეს. 2019 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრებმა უკვე 225 კითხვა გაგზავნეს.

ოპოზიციამ ინტერპელაციის გამოყენებით პარლამენტში პირველად პრემიერ-მინისტრი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაიბარა.

პარლამენტში ექვსი თემატური მოკვლევა ტარდება, ხოლო კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი 21 მიმართულებით ამუშავდა.

დავიწროვდა სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალი. გამკაცრდა სანქციები არასაპატიო გაცდენების შემთხვევებში.

2019 წლის 3-თვის განმავლობაში კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვაზე პარლამენტის ბიურომ 5-ჯერ განაცხადა უარი, მაშინ როდესაც ბოლო 2-წლის განმავლობაში უარების რაოდენობა ჯამში 2-ს შეადგენდა.

უკეთ დარეგულირდა კანონპროექტების განხილვის ვადები. პლენარული სხდომების დღეებში პარალელურად საკომიტეტო სხდომები აღარ ტარდება.

საპალამენტო ისტორიაში პირველად, პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წლიური ანგარიში და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

15-ვე საპარლამენტო კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა წლიური სამოქმედო გეგმები. 15-ვე კომიტეტში დანიშნულია თემატური მომხსენებლები.

პარლამენტის ისტორიაში პირველად დამტკიცდა ეთიკის კოდექსი და დაკომპლექტდა ეთიკის საბჭო.