სოციალურ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - გაფიცვა იმიტომ შედგა, რომ მედიაციის პროცესი არ დასრულდა იმ შედეგით, რაც შეთანხმებაც იყო

„სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს საჭიროზე მეტი დრო მისცეს ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად“, - ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი გიგინეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გაფიცული სოციალური მუშაკების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, სოციალური მუშაკების გაფიცვა შედგა სამართლებრივად გამართულად, იმიტომ, რომ მედიაციის პროცესი არ დასრულდა იმ შედეგით, რა შეთანხმებაც თავიდან იყო.

„თვითონ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაც მედიაციის პროცესში ჩართული იყო და ესწრებოდა შეხვედრას. საქმის კურსში ვართ. ვიცით, რა შეთავაზება მოხდა სამინისტროს მხრიდან. რა თქმა უნდა, მინისტრის მოადგილემ რაც განაცხადა, რომ მოთხოვნების ნაწილზე მზადება დავიწყეთო, ეს ასეა. მოგეხსენებათ, სოციალურ მუშაკებს 22 მოთხოვნა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ, რომ ამას დრო სჭირდება და რა თქმა უნდა, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებას სამუშაო პროცესი სჭირდება და ამაზე შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ვიმუშავებდით. მაგრამ არის რაღაც ტექნიკური საკითხები, რომლის მოგვარებასაც ითხოვენ სოციალური მუშაკები სასწრაფოდ, რაც სამუშაოს შესრულებაში ხელს უშლით.

გასაგებია, რასაც გულისხმობენ სამინისტროში, რომ რაღაცებზე შეთანხმება გვაქვს და სამინისტრომ მუშაობა დაიწყო, მაგრამ რაც ამოსავალი წერტილია და რაზეც სოციალურ მუშაკებს შეხვედრაზეც ჰქონდათ კამათი, როგორიცაა ტექნიკური საქმეებიდან ჩამოშორება, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება, ხელფასი, ფსიქოლოგის მომსახურება და ა.შ. არ არის შესრულებული“, - განაცხადა ქეთი გიგინეიშვილმა.

დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას.

შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დღეს დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.