ეკა ბესელია - ძალიან პრინციპული იქნება,  შეჩერდეს კობახიძის კანონპროექტის განხილვა და არ მოხდეს მისი მიღება

ეს არის პოლიტიკური მანიპულაციების სფერო. თუ ელოდები ვენეციის კომისიას, მაშინ პირველი მოსმენით არ უნდა მიიღო კანონპროექტი, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ბესელია გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც ირაკლი კობახიძის კაბინეტის სახელით მომზადდა და რომელსაც უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიას ასევე გადაგზავნილი აქვს მისი და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტიც.

"ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის საშუალებით ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ვენეციის კომისიას ჩვენი კანონპროექტი და ვთხოვეთ მისი ექსპერტიზა. ამავე წერილში ჩვენ ვწერთ, რომ კრიტიკულად ვართ განწყობილი კობახიძის კაბინეტის სახელით მომზადებული კანონპროექტის მიმართ. ჩემთვის გაუგებარია, თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდებოდა პარლამენტის უმრავლესობა, რატომ მოხდა ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. ეს ნაუცბათევი, ნაჩქარევი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმას, რომ იმ კანონპროექტს აბსოლუტურად ყველა აკრიტიკებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მე უფრო მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური მანიპულაციების სფერო იმიტომ, რომ თუ ელოდები ვენეციის კომისიას, მაშინ პირველი მოსმენით არ უნდა მიიღო კანონპროექტი. პირველი მოსმენა გულისხმობს პრინციპების მხარდაჭერას და პრინციპი არ იცვლება მეორე მოსმენის დროს. ეს პროექტი არის იუსტიციის საბჭოსთვის მანდატის მიცემა, რომ პარლამენტს გადასცეს იმ კანდიდატების გვარები, რომლებიც მას უნდა," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას ინფორმაციით, იგი მზად არის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყოს. "ჩვენ მზად ვართ, რომ იურიდიულმა კომიტეტმა შემდეგი კვირიდან დაიწყოს ჩვენი კანონპროექტის განხილვა. არ ვიჩქარეთ იმიტომ, რომ სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნებოდა საყურადღებო. მე ვფიქრობ, ძალიან პრინციპული იქნება, შეჩერდეს კობახიძის კანონპროექტის განხილვა და არ მოხდეს მისი მიღება“, - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა