ეროვნული ორკესტრი ფილარმონიაში დაბრუნებას ითხოვს

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული/ფილარმონიული ორკესტრი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართავს.

„ინტერპრესნიუსი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 16 მარტს TV პირველის ეთერით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს წინაშე 8 წლის მანძილზე დაგროვილი დავალიანებისა და დარღვევების გამო, საქართველოს ქონების მართვის სააგენტომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. იგივე თემაზე ვიხილეთ სიუჟეტი შაბათის კურიერის გამოშვებაში. ყოველივე ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საუკუნის ისტორიის მქონე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული/ფილარმონიული ორკესტრი კონცერტებს ვერ მართავს და მოლოდინის რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას. როდესაც უსახლკარობის გამო, ყოველი კონცერტის გასამართად ჩვენ გვჭირდება დაფინანსების მოძიება დარბაზისა და სათანადო ტექნიკური მოწყობილობების დასაქირავებლად - რისი ღირებულებაც საშუალოდ 25 000 ლარს შეადგენს.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 2019 წლის 4 იანვარს, სახელმწიფოსა და „ინთერნეიშენალ ივენთს“ შორის ხელშეკრულება შეწყდა და დადგა საკითხი თუ ვის და რა სტრატეგიით სამართავად უნდა გადაეცეს ფილარმონიის შენობა.

ჩვენ მზად ვართ საჯაროდ და გამჭვირვალედ წარმოვადგინოთ ფილარმონიის სამომავლო განვითარების პროფესიული ხედვა. მოგეხსენებათ, მსოფლიოს არცერთი ქალაქის ფილარმონიული დარბაზი არ ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სიმფონიური ორკესტრის გარეშე. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი თანამედროვე საკონცერტო დარბაზების მართვის პრინციპები, რაც ყველა ქვეყანაში ხელს უწყობს ტურიზმისა და საერთო კულტურული დონის მნიშვნელოვან განვითარებას, რაც ქვეყნის სახეს წარმოადგენს.

ეროვნულ ორკესტრში მუსიკოსების სამი თაობა მოღვაწეობს. ყველაზე ღვაწლმოსილი 71 წლის გახლავთ, ხოლო გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები 15-16 წლის ასაკიდან იწყებენ ჩვენთან თანამშრომლობას. აგრეთვე, არაერთი წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსი დავაბრუნეთ უცხოეთიდან და დავარწმუნეთ, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს მათი გვერდში დგომა სჭირდება.

შენობის არქონის მიუხედავად, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის - ნიკოლოზ რაჭველის შემოქმედებითი ძალისხმევით, წელიწადში 60-ზე მეტ კონცერტს ვმართავთ, ღირსეულად ვმასპინძლობთ სხვადასხვა ჟანრის აღიარებულ საერთაშორისო არტისტებს, ასევე გამოვდივართ მსოფლიოს უმაღლესი რანგის ფილარმონიულ სცენებზე. ჩვენ ვშრომობთ ჩვენი ქვეყნისა და მსმენელისთვის და არ გვინდა მრავალწლიანი შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდეს იმედი, არ გვინდა კიდევ ერთხელ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ჩვენთვის საკონცერტო სივრცით უზრუნველყოფის საკითხი - მით უფრო ამ ბოლო პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობისგან ვიგრძენით ყურადღება, რაც პირველ რიგში ინსტრუმენტების განახლებისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფით გამოიხატა, რისთვისაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გულწრფელ მადლობას ვუხდით.

ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ეროვნული ორკესტრის მხარდასაჭერად - მოგმართავთ თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილოთ ჩვენი წინადადება, რათა შევძლოთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულება და ერთგული მსმენელისთვის მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამების შეთავაზება. გთხოვთ, დაუბრუნოთ ასწლოვანი ისტორიის მქონე კოლექტივს თბილისის ფილარმონია, რომელიც 1969 წელს ჩვენი იმჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსი მაჭავარიანის ძალისხმევით, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ეროვნული ორკესტრი ფილარმონიაში დაბრუნებას ითხოვს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო