ზაზა გაბუნია - საქართველოს პარლამენტი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ შექმნილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი დღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტის – დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ შექმნილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში შედის ყველა პოლიტიკური საპარლამენტო სუბიექტი როგორც პოლიტიკური ფრაქციები, ასევე დარგობრივი კომიტეტები.

„ჩვენ უახლოესი თვენახევრის განმავლობაში განვიხილავთ მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, ვიმსჯელებთ წინადადებებზე, ჩამოვაყალიბებთ შეხედულებებს, პოზიციებს ამ პოლიტიკის დოკუმენტის ირგვლივ და ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიულ წინადადებებსაც იმისთვის, რომ მაისის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტს, როგორც მთავარ პოლიტიკურ ორგანოს, ჰქონდეს თავისი ოფიციალურად, ფორმალურად ჩამოყალიბებული ხედვა დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს ფაქტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

მისი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა.

„თავისი მნიშვნელობით, მე ვიტყოდი, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, ეს არის მეორე, დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმა, რამდენადაც ის ეხება მმართველობის დეცენტრალიზაციას. ეს ეხება უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც ასე აქტუალური და პრინციპულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ჩვენი რეგიონების და ქალაქების განვითარებისათვის“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, ჯგუფი იმუშავებს სამი მიმართულებით: ფისკალური დეცენტრალიზაცია, მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერება, უფლებამოსილებების ზრდა ქალაქების და მუნიციპალიტეტებისთვის, იმ სერვისების ჩამოყალიბება, რომლებიც მნიშვნელოვანია ადგილზე ჩვენი მოსახლეობისთვის და ქალაქების და რეგიონების განვითარებისთვის.

„ველოდებით აქტიურ, ინტენსიურ, მნიშვნელოვან, საინტერესო პროცესს იმ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოზე იმისთვის, რომ პარლამენტს, მთავარ პოლიტიკურ ორგანოს ამ სამუშაოს შემდეგ ჰქონდეს რეფორმის პოლიტიკურ დოკუმენტზე თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და ძირითადი აქცენტები ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დეცენტრალიზაცია განხორციელებულა ან განხორციელდება მომავალში, ამ პროცესს იწყებს აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვლაპარაკობთ, ცხადია, ამ დოკუმენტზე, რეფორმაზე, ამ პოლიტიკაზე საკუთარი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს პარლამენტმა, როგორც მთავარმა პოლიტიკურმა ორგანომ, პოლიტიკის განმსაზღვრელმა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, სამუშაო ფორმატში წარმოდგენილია ის სტრატეგია, რომელიც მთავრობის მიერ არის მომზადებული.

„ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ საფუძვლიანად ამ დოკუმენტს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო პროცესი გულისხმობს თავისთავად იმას, რომ შესაძლებელია პარლამენტს ჰქონდეს ალტერნატიული ხედვა, ან წინადადებები და შეთავაზებები. მთლიანობაში ამ დოკუმენტის პათოსს ჩვენ ვიზიარებთ - ეს არის კარგი დოკუმენტი, მაგრამ პარლამენტს უნდა ჰქონდეს თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვაც რეფორმის ირგვლივ და ეს პროცესი ამისთვის მიმდინარეობს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის განცხადებით, ამგვარად, სამუშაო ჯგუფში, რომელიც დღეიდან იწყებს ინტენსიურ მუშაობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტზე, წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა პოლიტიკური ფრაქცია, ყველა კომიტეტი, პრაქტიკულად მთელი პარლამენტი. სამუშაო ჯგუფში მუშაობის დასრულება მაისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება, რის შემდეგაც მიღებული დოკუმენტი პლენარულ სესიას წარედგინება, შესაბამისად, საზოგადოებას წარედგინება შედეგები, მათ შორის ის რეკომენდაციები და თეზისები, რომლებზეც პარლამენტი ამ რეფორმის ირგვლივ ჩამოყალიბდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს