რატი იონათამიშვილი - ბავშვზე ნებისმიერი სახის ძალადობა - იქნება ეს კუთხეში დაყენება თუ ყურის აწევა, ვინც არ უნდა გააკეთოს, არის მშობელი თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, უღირსი საქციელია

ბავშვზე ნებისმიერი სახის ძალადობა - იქნება ეს კუთხეში დაყენება თუ ყურის აწევა, ვინც არ უნდა გააკეთოს, არის მშობელი თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, უღირსი საქციელია, - აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რატი იონათამიშვილმა, კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვისას გააკეთა.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, თუ ბავშვი ვინმეს არ უჯერებს, ეს ბავშვის ბრალი არ არის! ეს იმ ადამიანის ბრალია, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ბავშვის აღზრდაზე. ასეთ დროს გამოსავალი არის უფრო მეტი საუბარი, მეტი კონტაქტი, უფრო მეტი დროის გატარება ბავშვთან, თუკი სხვა ქცევითი პრობლემებია, ამ ქცევითი პრობლემების იდენტიფიცირება და მასზე ადეკვატური სამუშაოს განხორციელება. ვერც ერთი ფორმით და ვერც ერთი ასპექტით ბავშვზე ძალადობაზე საუბარი სწორი არ იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის ძალადობა, ამის მსუბუქი ფორმა არ არსებობს.

„ძალადობის ნებისმიერი ფორმა თანაბრად მიუღებელია, რადგან ასეთმა ქმედებებმა შეიძლება ბავშვი ბოლომდე გააუცხოოს და მის მომავალ განვითარებას დაღი დაასვას. გამომდინარე აქედან, ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. ბავშვის რთულ ქცევას ნებისმიერ შემთხვევაში თავისი მიზეზები აქვს. ჩვენთვის აუცილებელია ამ მიზეზების გამოვლენა და მასში ჩაწვდომა. მაგალითი იმისა, რომ ბავშვს შეიძლება ყური იმის გამო ავუწიოთ, რომ ის მაღაზიაში ცუდად მოიქცა, ამ რეაქციით ჩვენ შეიძლება ბავშვი საბოლოოდ გავაუცხოოთ. თუ ჩვენ ბავშვის წინაშე პროტესტს აგრესიით გამოვხატავთ, ბავშვისთვის მისი მეგობარი კი არა, ასეთი საქციელის წამახალისებელი ვხდებით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტში წერია, რომ ბავშვის უფლებაა დაცული იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის, იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან ოჯახში, სკოლაში და სხვა ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ინტერნეტ-სივრცეში. საკომიტეტო განხილვის მონაწილეთა ნაწილი პროექტის ამ ჩანაწერს აპროტესტებს და აცხადებს, რომ მშობელს ბავშვის დასჯის უფლება უნდა ჰქონდეს. ამ კონტექსტში აღინიშნა ისიც, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში ოჯახის ავტონომიურობა იზღუდება და ოჯახში სახელმწიფოს ჩარევა იზრდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს