რუსეთს დეპორტირებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა ინდივიდუალურ საქმეებზეც დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის „საიას“ დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საიადან“ აცნობეს.

მათი ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ინდივიდუალური საჩივრები რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში ჯერ კიდევ 2007 წელს გააგზავნეს. გამოძევების შედეგად დაზარალებული 8 პირის ინტერესებს წარმოადგენს „საია“ საქმეზე „ჩოხელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

„ინდივიდუალურ საჩივრებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წლის 20 დეკემბერს გამოიტანა. სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეები გახდნენ დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძევების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლნი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რა დროსაც შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას.

რაც შეეხება მომჩივანთა მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების საკითხს, ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოცემული საკითხის განხილვა გადადო, რადგან იმ მომენტისთვის სახელმწიფოთაშორის საჩივარში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ კომპენსაციის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო და მისი განხილვა კვლავ მიმდინარეობდა სასამართლოს დიდ პალატაში.

2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I), რომლითაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს განმარტებით, ამ თანხიდან 2,000 ევრო უნდა მიეღოთ იმ ადამიანებს, ვინც კოლექტიური გაძევების მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო 10,000 ევროდან 15,000 ევრომდე უნდა მიეღოთ იმ პირებს, ვინც კოლექტიური გაძევების პარალელურად ასევე, გახდნენ დაკავებისა და დაკავების პროცესში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი სიიდან 290 პირთან მიმართებით არ უნდა მომხდარიყო კომპენსაციის გადახდა სხვადასხვა მიზეზის გამო. სასამართლომ ერთ-ერთ მიზეზად მიუთითა, რომ რამდენიმე მსხვერპლს ინდივიდუალური საჩივრით იგივე საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართული ჰქონდა სასამართლოსთვის.

სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ განაახლა ინდივიდუალური საჩივრების განხილვა და 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას მომჩივნების სასარგებლოდ გამოძევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო თითოეული მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევის არსი, მათ შორის მათი დაკავების ხანგრძლივობა. დღევანდელი გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას დაეკისრა:

· 2,000 ევროს გადახდა იმ მომჩივნებისთვის, რომლებიც გახდნენ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლნი, თუმცა, დაკავებული არ ყოფილან;

· 10,000 ევრო - იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ დაახლოებით 48 საათის განმავლობაში, ხოლო სასამართლო პროცესის შემდეგ გათავისუფლდნენ („საიას“ დაცვის ქვეშ მყოფი 1 პირი);

· 12,500 ევრო იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა დაკავება გაგრძელდა ორიდან ათ დღემდე („საიას“ დაცვის ქვეშ მყოფი 5 პირი);

· 15,000 ევრო იმ მომჩივანთა სასარგებლოდ, რომელთა დაკავების ხანგრძლივობა აღემატებოდა 10 დღეს („საიას“ დაცვის ქვეშ მყოფი 2 პირი).

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია, მოითხოვოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება ძალაში შედის. რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული თანხა დაზარალებულებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს“, - ნათქვამია „საიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: რუსეთს დეპორტირებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა ინდივიდუალურ საქმეებზეც დაეკისრა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა