კახა კალაძე - ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, "აქსის თაუერსის" პროექტს ჩირქი მოსცხონ, განვითარება და შენება კი ერთგვარ დანაშაულად გამოიყვანონ

თბილისის მერი კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ სავაჭრო სივრცე დაათვალიერა, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

თბილისის მერის განცხადებით, ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, „აქსის თაუერსის“ პროექტი დედაქალაქში მაღალი სტანდარტებით, სწორად შენების მაგალითს წარმოადგენს და მასში „თანაინვესტირების ფონდმა“ 100 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავს პროექტებს, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას ემსახურება, თბილისის მერიისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარებისთვის. „აქსის თაუერსი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც საცხოვრებელი, საოფისე, სავაჭრო-გასართობი სივრცეები და ბიზნესცენტრი განთავსდება. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც „აქსისის“ აღნიშნული პროექტის განხორციელება იწყებოდა, მახსოვს სიუჟეტები და სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელშიც სამშენებლო ტერიტორიიდან მანქანებით გატანილი მიწის რაოდენობაზე სიამაყით გვიყვებოდნენ. მათი თქმით, ტერიტორიიდან გატანილი მიწით, ერთ რიგში ჩამწკრივების შემთხვევაში, თბილისიდან ბათუმამდე გზა დაიფარებოდა. ამით გვეტრაბახებოდნენ, თუმცა პროექტი მათივე ხელისუფლების პირობებში გაჩერდა და „თანაინვესტირების ფონდმა“ სწორედ დღეს მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, პროექტის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამაში ფონდმა 90 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული პროექტი ადრე, ძველი ხელისუფლების მიერ თანამედროვე სტანდარტებით მშენებლობისა და განვითარების სიმბოლოდ იყო წოდებული. დღეს კიდევ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, აღნიშნულ პროექტს ჩირქი მოსცხონ, განვითარება და შენება კი ერთგვარ დანაშაულად გამოიყვანონ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. ჩვენ გვჭირდება მეტი მსგავსი პროექტი, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის დაცვით განხორციელებული პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი“, - განაცხადა კალაძემ.

მერიის ცნობით, „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცეში ფუნქციონირება უკვე დაიწყო ჰიპერმარკეტმა „აგროჰაბმა“, რომლის ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის 100%-ით ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტების მიწოდებაა. „აქსის თაუერსი“ ხუთ დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს: 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი“, ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი და კომერციული ფუნქციები. შენობაში ასევე განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.

„აქსის თაუერსი“ 65 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. აქედან 50 000 კვ.მ კომერციულ და რეკრეაციულ სირცეებს ეთმობა. „აქსის თაუერსი“ საკუთარი „წითელი ხაზების“ ფარგლებში, 2500 კვ.მ ფართობზე კეთილმოაწყობს და განათავსებს სარეკრეაციო სირცეებს, საფეხმავლო ნაწილს, ქუჩას კაფე-ბარებით, სკვერს და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის არაერთ ადგილს. კომპანია ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნილ ქართულ პროექტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა