საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიმართა

"მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ - საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტემპი მზარდია საქართველოშიც: ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და სხვა ტექნოლოგიური ტრენდები სტარტაპებში, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში საქართველოს ყველა ინდუსტრიაში ჩნდება.

“ყველა ბიზნესი გახდება ტექნოლოგია” - ამ სიტყვებით 2019 წელს გაიხსნა მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი დავოსში და სწორედ ამ ორი მიმართულების ინტეგრირებას რეგიონში ემსახურება საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი.

„ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ყველა საერთაშორისო ტექბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპები. გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე კომპანიამ, მათ შორის: VREX, Spark • სპარკი, Edison, Shelf Network, Pulsar AI, Smarter.ge, ინოვაციური განათლების ფონდი, Techub, BogFintech, TTM, impacthub, Copter tech, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი და ა.შ.

TechTalks -ის ფარგლებში კი განხილული იყო მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური ტრენდები, ასევე, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი. მათ შორის, საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობას, შენობა-ნაგებობების ავტომატიზირებას და ჭკვიან ტექნოლოგიებს სამშენებლო სფეროში.

მოეწყო მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა, სადაც წარმოდგენელი იყო ისეთი კომპანიები, როგორიცაა - HP, IBM, Lenovo, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, Copter Tech, HTS. უახლესი software/hardware გადაწყვეტილებების ექსპოზიციითა და ბრენდების სტენდებით.

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა პროექტ „დაასაქმე Smart სტუდენტის“ ფარგლებში სტუდენტური ვაკანსიები წარადგინეს“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვგეგმავთ, ფესტივალი იყოს ყოველწლიური. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, პანელურ დისკუსიებს მივცეთ სისტემური ხასიათი - ეს იქნება სამუშაო შეხვედრები, რომელიც ჩვენს კურიკულუმზეც იქონიებს გავლენას, რათა უნივერსიტეტში მუდმივად განახლებული სწავლების პროცესი და მეთოდი გვქონდეს დანერგილი. გვაქვს ძალიან სასიხარულო სიახლეც: ისრაელის ტექჰაბის ინიცირებით, „სილიკონ ველი თბილისში“ დაფუძნდება გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც გულისხმობს ისრაელის ყველაზე მსხვილი ინვესტორების საქართველოში ჩამოსვლას, სტარტაპების დაფინანსებასა და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობას. ამისთვის მრავალმილიონიანი ფონდია გამოყოფილი და საუბარია ყველა ტექნოლოგიური მიმართულების ხელშეწყობაზე, განურჩევლად სფეროსი“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა, ნინო ენუქიძემ.

„მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი ამ ფესტივალის,რაც სტუდენტების მაქსიმალურ დაინტერესებას გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისადმი. სწორედ უნივერსიტეტებში და სტუდენტებში იწყება ის მთავარი სიახლეები, რომელსაც შეუძლია საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე დაამკვიდროს. ასეთი ნებისმიერი სახის ინიციატივას, რომელიც უნივერსიტეტიდან და კერძო სექტორიდან მოდის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მუდამ დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს