ეროვნული მუსიკალური ცენტრი - მიხეილ გიორგაძემ ეროვნული ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯმენტი განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს განცხადებით პასუხობს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას საკონცერტო დარბაზით უზრუნველყოფის შესახებ ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა. მან დღეს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ნიკოლოზ რაჭველს დაემართა გიგანტომანია და რომ შესაძლოა ორკესტრის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. იგი აგრეთვე, შეეცადა ციფრებით მანიპულირებას.

1. მიხეილ გიორგაძეს თბილისის საკონცერტო დარბაზი რატომღაც გიგანტური მოეჩვენა ეროვნული ორკესტრისთვის და არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ დარბაზი წელიწადში თითქმის 300 დღე უმოქმედოდ დგას და სრულ დეგრადაციას განიცდის სფერო, რომელიც ყველა ქვეყანაში დიდი წარმატებით ვითარდება.

2. სამარცხვინოა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული კულტურის სამინისტროს სათავეში მდგარმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, თუ რა დებულებით იმართება სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ რაჭველს ის ვერც დანიშნავს და ვერც მოხსნის, რადგან ეს კომპეტენცია მხოლოდ ეროვნულ ორკესტრს და სამხატვრო საბჭოს გააჩნია გია ყანჩელის ხელმძღვანელობით. ნიკოლოზ რაჭველი 2017 წლის 4 დეკემბერს 4 წლის ვადით ხელმეორედ იქნა არჩეული ეროვნული ორკესტრის მიერ.

3. რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას, 2018 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ მიხეილ გიორგაძეს და ცენტრის ხელმძღვანელობას დაევალა დარბაზის აშენებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სხვა დეტალების მოკვლევა გამოცდილი არქიტექტორული კომპანიების ბაზაზე, საიდანაც გაირკვა, რომ სიმფონიური მუსიკისთვის განკუთვნილი დარბაზის მშენებლობა 40-45 მილიონი ევროს ინვესტირებას მოითხოვდა. 4. ჩვენ იმთავადვე მიგვაჩდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს მთავარი ფილარმონიული დარბაზი და ვერ ხდება მისი სრული დატვირთვა, მიზანშეწონილია მისი განახლება და ფილარმონიული ორკესტრის სწორედ ამ შენობაში დაბინავება და არა სახელდახელო უხარისხო საკონცერტო დარბაზის აშენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა