თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს - A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილები, რომელთა გადაღებვის ხარჯებს ჩვენ გავიღებთ და მათ არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი ტექდათვალიერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილები, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანაზე განათავსონ რეკლამები. მერის თქმით, რეკლამებიდან შემოსული სრული თანხა დარჩება მძღოლს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ვაგაკეთებდით, დავამზადებდით სპეციალურ მანათობლებს, რომელიც ასევე უფასოდ გადაეცემა A კატეგორიის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან. როდესაც მგზავრი იქნება მანქანაში, მანათობელი წითელი ფერის იქნება, როცა მძღოლი თავისუფალია, თეთრი ფერის მანათობელი იქნება. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „აითიჯი ჯორჯია“, რომელიც ყველასთვის უფასოდ დაამზადებს მანათობლებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: