პირებს, რომლებსაც კვლევის შედეგად სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფასო კონსულტაციას გაუწევს

პირებს, რომლებსაც 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგად სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდებათ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უფასო კონსულტაციას გაუწევს, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით გაცემული რეკომენდაცია შეეხებოდა მთავრობის მიერ გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებას ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში „არ-ემ-ჯი გოლდისა“ და „არ-ემ-ჯი კოპერის“ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო ზემოქმედების დასადგენად.

აღნიშნულ რეკომენდაციაზე საუბრისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველოში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელშიც ჩართული იყო ასევე, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. მისი თქმით, კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

„2018 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა. აღნიშნულ კვლევაში ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩართული იყო ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. შეგროვდა მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევის საბოლოო შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის გაზაფხულზე. კვლევაში შერჩეული ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის შემცველობაზე ანალიზის პასუხს და სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის შემთხვევაში საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ გაუწევს უფასო კონსულტაციას“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

ამასთან, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კიბოს შემთხვევების გასული 3 წლის სტატისტიკაც წარადგინა.

„2015-2017 წლებში და 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ დაფიქსირდა კიბოს 330 შემთხვევა, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტში - 123 შემთხვევა. ხოლო რაც შეეხება გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებას, ამის თაობაზე გაცნობებთ, რომ არსებობს გაღრმავებული კვლევის პროტოკოლი, რომლის სავარაუდო ბიუჯეტი არის 100 00 აშშ დოლარი. შესაბამისად, კვლევის ჩასატარებლად საჭიროა მოიძებნოს დამატებით დონორები და აღნიშნული კვლევა შესაძლებელია, რომ თავად მწარმოებელი კომპანიების არემჯი გოლდის და არემჯი კუპერის დაფინანსებითაც განხორციელდეს. აღნიშნულის თაობაზე მათთან მიმდინარეობს კონსულტაციები,“ - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის, პროკურატურის, იუსტიციისა და შს სამინისტროების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს წარადგენენ. აღნიშნული დადგენილება პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით გამოსცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს