„ჯორჯიან მანგანეზმა“ ფეროშენადნობთა ქარხნის სიახლოვეს ქარსაცავი ზოლის მოწყობა დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ საქარის თემთან, ქარსაცავი ზოლის მოწყობა დაიწყო, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტს „ქარსაცავი ზოლი თემის მხარდასაჭერად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“, სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDC) და ზესტაფონის მერია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ახორციელებს.

„ქარსაცავ ზოლში, დღეის მდგომარეობით, დარგულია ალვისა და კვიპაროსის ხეები. ამჟამად, მიმდინარეობს მისი მოწყობა. ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც ეკოლოგიური, ისე სოციალური თვალსაზრისითაც“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნოზაძემ.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის განცხადებით, ზოლში 2500-მდე ნერგი დაირგვება და ჯამურად, 4,5-კილომეტრიანი ქარსაცავი მოეწყობა, რაც ქარხნის მიმდებარე სოფლებს საწარმოო პროცესის დროს ატმოსფეროში გაფრქვეული მტვრის ნაწილაკებისგან დაიცავს.

„პროექტი გრძელდება შემოდგომის ჩათვლით. ჩვენ დავრგავთ, დაახლოებით, 2500 ძირამდე ნერგს. პარალელურად, ქარსაცავი ზოლის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში, ეს ზოლი 4,5 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფეროშენადნობთა ქარხნისთვის, ისე მიმდებარე სოფლებისთვის“, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ ხელმძღვანელის, ხათუნა მანჯავიძის თქმით, პროექტი იდეაშივე იყო დაკავშირებული „ჯორჯიან მანგანეზთან“, რომლის ხელმძღვანელობასაც უშუალოდ მიმართა ორგანიზაციამ დასახმარებლად. თანამშრომლობის შედეგად კი პროექტი განხორციელდა და მოეწყო ქარსაცავი ზოლი სოფელ საქარის თემის მხარდასაჭერად.

„ამ პროექტის განხორციელებაში დიდი როლი ეკისრება ბიზნესსექტორის კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და სექტორთაშორის თანამშრომლობას.

პროექტი, იდეაშივე, დაკავშირებული იყო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“, რომლის ხელმძღვანელობას ჩვენმა ორგანიზაციამ ოფიციალურად მიმართა დახმარებისა და პროექტში ჩართულობისთვის.

პირველი, ვისგანაც გამოხმაურება მივიღეთ, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ბატონი ვასილ გველესიანი იყო, რომელთანაც, ოთხთვიანი კონსულტაციების შედეგად, შესაძლებლობა მოგვეცა, პროექტისთვის მიმართულება მიგვეცა. აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერი სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია არიან. მწვანე საფარის ამ საქარე ზოლის დანიშნულებაა, ტერიტორიულად საწარმოსთან ყველაზე ახლომდებარე დასახლება – სოფელ საქარის თემი დაიცვას ატმოსფეროში გაფრქვეული მტვრის იმ ნაწილაკებისგან, რომელიც ჰაერში სწორედ საწარმოო პროცესების შედეგად ხვდება“, – აღნიშნა ხათუნა მანჯავიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებასა და ნერგების დარგვაში საკუთარი წვლილი პროექტ „ეკოლოგიკის“ მონაწილეებმაც შეიტანეს. ყოველწლიური ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსის სასკოლო ოლიმპიადა „ეკოლოგიკა“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით ტარდება, ჭიათურისა და ზესტაფონის რეგიონების 54 სკოლას აერთიანებს.

https://www.youtube.com/watch?v=hk23jqfvYkc

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა