საიას იურისტი  -  ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება,  რომ  შტატგარეშე მოსამსახურეები ასრულებენ სოცმუშაკების მოვალეობებს, თავის მოტყუებაა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ სამინისტროს ტექნიკური პერსონალი და შტატგარეშე მოსამსახურეები ასრულებენ სოციალური მუშაკების მოვალეობებს, თავის მოტყუებაა სახელმწიფოს მხრიდან და რეალურად, ეს სერვისი ქვეყანაში შეჩერებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტკონსულტანტმა გიორგი ანთაძემ სოციალური მუშაკების გაფიცვის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, პრობლემაა, ის რომ სოციალური მუშაკების მოვალეობას დღეს შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე კადრები ასრულებენ.

„პრობლემა რეალურად იმაში მდგომარეობს, რომ სოციალური მუშაკის ფუნქციებს დღეს ასრულებს ტექნიკური პერსონალი. თავად სამინისტროშიც აღიარებენ, რომ ქვეყანაში რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით, არ არსებობს საკმარისი შრომითი რესურსი, რომელიც სოციალური მუშაკის საპასუხისმგებლო მოვალეობებს შეასრულებს, რამდენადაც ამ ადამიანებს შეხება აქვთ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და ქალებთან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რაც სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას საჭიროებს“, - აცხადებს ანთაძე.

იურისტი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას მიერ „ინტერპრესნიუსთან“ გაკეთებულ განცხადებას ,რომ გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სოციალურ მუშაკებზე სახელფასო ანაზღაურება აღარ გაიცეს, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორს უწოდებს.

გიორგი ანთაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში უკვე დაწერილია ბრძანებები გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების თაობაზე.

„შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად გაფიცვაა დასახელებული. ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში უკვე დაწერილია შესაბამისი ბრძანებები გაფიცვის პერიოდში შრომითი ურთიერთობის დროებით შეეჩერების თაობაზე. შრომითი კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შემთხვევაში არ არის ვალდებული დასაქმებულს გადაუხადოს შრომის ანაზღაურება“,-აცხადებს ანთაძე.

როგორც იურისტი განმარტავს, გაფიცულების მოთხოვნები ამჟამად შესრულებული არ არის. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნების შესრულება და გაფიცვის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

„სოციალური მუშაკების მოთხოვნები ეხება არა მხოლოდ მათი პირადი შრომითი პირობების გაუმჯობესებას, არამედ ასევე საუბარია ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ დაცვაზე. მოთხოვნებს შორისაა დამოუკიდებელი ოთახის არსებობა, სადაც ბენეფიციარსა და სოციალურ მუშაკს საუბარი შეეძლებათ, მოთხოვნები ეხება კონფიდენციალური მასალების სათანადოდ დაცვას მესამე პირების ხელმისაწვდომობისგან, მოთხოვნაა, რომ ყველა სერვისცენტში იყოს მინიმუმ ერთი ფსიქოლოგი, სოციალურ მუშაკებს არ ემსახურებათ სათანადო რაოდენობის ავტომობილი და შესაბამისად, შეუძლებელი ხდება მათი მხრიდან სხვადასხვა შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება. ამ ეტაპზე რეალურად სოციალური მუშკების არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის და ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებები ფორმალურ ხასიათს ატარებს. თბილისში დაამატეს ერთი ფსიქოლოგი, რთული წარმოსადგენია, ერთმა ფსიქოლოგმა მილიონიან ქალაქში როგორ უნდა გაართვას თავი ბავშვების, მოხუცების , შშმ პირების, ქალების მომსახურებას. მსგავსად ფორმალობაა იმაზე საუბარი, რომ რეგიონში ერთი მანქანის დამატებით პრობლემა გადაიჭრება. დღესდღეობით სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იღებს კანონით და შემდეგ ამ პასუხისმგებლობას სოციალურ მუშაკებს აკისრებს“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა