თამარ ჩუგოშვილს გენდერული თანასწორობის კუთხით ინიციატივების განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“(G4G) საქართველოში და „მეწარმე ქალთა საბჭოს“(WBCG) მიერ გამართულ მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაზე - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში,“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს გენდერული თანასწორობის კუთხით ინიციატივების განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კონფერენციის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო თემატურ პანელში „ქალის როლი მთავრობასა და სამოქალაქო სექტორში“, სადაც ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზნებზე და მიმდინარე წლის გეგმებზე.

მათივე ინფორმაციით, თამარ ჩუგოშვილმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019 წლის მთავარ პრიორიტეტზე - ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქალები მეტად იყვნენ წარმოდგენილი მთავრობაშიც და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზეც.

„ეს არის მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ამტკიცებს, რომ: სისტემები ბევრად უფრო ნაკლებად კორუმპირებულია, ბევრად უფრო კეთილსინდისიერია და სუფთა, როდესაც ქალების და კაცების წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის თანასწორი; პროცესები ბევრად უფრო ნაკლებად კონფრონტაციულია და დაპირისპირება ნაკლებია და მეტია თანამშრომლობა პარტიებს შორის, დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის, მაშინ როდესაც ქალების და კაცების წარმომადგენლობა არის თანასწორი ან მიახლოებული თანასწორთან იმდენად, რომ კონფლიქტების მოგვარებაშიც კი, ქალის როლი ითვლება განსაკუთრებულად, რადგან ცვლის მოლაპარაკების ტონს“, - განაცხადა ჩოგოშვილმა.

მისივე თქმით, მიუღებელია პროფესიების კაცებისა და ქალების პროფესიებად დაყოფა, თუმცა, რეალობა აჩვენებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები საკმაოდ ძლიერია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ქალები პოლიტიკური დღის წესრიგში ხშირად აყენებენ ისეთ საკითხებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის და ეს საკითხები, მათ გარდა, ხშირად სხვებს ავიწყდებათ:

„ქალები, პოლიტიკური დღის წესრიგში, ბევრად უფრო აქტიურად აყენებენ ჯანდაცვისა და განათლების თემატიკას, ასევე სოციალური თემებს, ვიდრე მამაკაცები. სწორედ ამიტომ, ჩვენი სურვილია, რომ როგორც საზოგადოებაშია თანაბრად წარმოდგენილი ქალი და კაცი, ასეთივე პროპორციით იყოს გადაწყვეტილების მიმღებ მაგიდებთან ქალების და კაცების წარმომადგენლობა“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური დოვლათის შექმნის კუთხით მოსახლეობის ნახევარი იყოს ეკონომიკურად აქტიური, იყოს დასაქმებული და იყოს ჩართული ეკონომიკური დოვლათის შექმნაში.

თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობა ძალიან დაბალია როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში:

„მხოლოდ 15%-ია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დაბალია ეს მაჩვნებელი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში საქართველომ შეძლოს პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია რაიმე გზით, თუნდაც უხეში ჩარევით და კვოტირების სისტემით, თუნდაც სხვა ტიპის რეფორმირებით, მაგრამ მოახერხოს ის, რომ ბევრად უფრო ჯანსაღი გახადოს ძალაუფლების განაწილება ქალებსა და კაცებს შორის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო პარლამენტის ის ახალი მექანიზმები, რომელთა გამოყენებასაც გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმავს ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით:

„საქართველოს პარლამენტში გაჩნდა ახალი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ პრობლემებს, ძალიან სიღრმისეულად გავაანალიზოთ კონკრეტული საკითხი, ვიპოვოთ გამოსავალი და მოვაგვაროთ პრობლემა. ეს არის თემატური მოკვლევა. ჩვენ დავიწყეთ ორი თემატური მოკვლევა ქალების ეკონომიკური გაძლიერების თემაზე. ერთი ეხება სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში ქალების მონაწილეობას, ხოლო, მეორე - პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას. როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, სრულად პასუხისმგებელი ვარ ამ ორი თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობაზე. ძალიან დიდი გეგმები და მოლოდინები გვაქვს და თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენ ძალიან გამოგვადგებოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე - შრომის კოდექსის ცვლილებებზე და კვლავ ბევრია გასაკეთებელი, რათა კოდექსი ქალზე ორიენტირებული გახდეს, მათ შორისა დეკრეტული შვებულებების, ანაზღაურებებს შორის სხვაობის შემცირების და სხვა საკითხები.

„ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც ქალების ინტერესებს, ასევე ბიზნესის ინტერესებს ამ თემაზე მუშაობის დროს და ვცდილობთ, რომ დავაბალანსოთ ეს ინტერესები“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ახლა იხილავს სექსუალური შევიწროების თემას სამუშაო ადგილზე და მის მიღმა:

„სექსუალური შევიწროების კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანას არ გააჩნდა. კანონპროექტი საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა, საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე იქნება იმიტომ, რომ სექსუალური შევიწროების კანონმდებლობა არის მნიშვნელოვანი. შეიძლება სექსუალური შევიწროება არის დაფარული და ხშირად უჭირთ ქალებს ისაუბრონ ამ პრობლემებზე, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთვისაც შეუძლებელი ხდება სამუშაო ადგილზე დარჩენა იმის გამო, რომ მათ უქმნიან მტრულ და დამაშინებელ გარემოს და სხვა გზა არ რჩებად ადამიანებს, რომ დატოვონ სამუშაო ადგილი“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ანაზღაურებებს შორის გენდერულ სხვაობის საკითხს: „ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, სტატისტიკაც კი არ არსებობს გამართული და სწორი იმის გასაგებად, თუ როგორია ეს განსხვავება, რა სექტორებშია და ა.შ. ამიტომ, პირველ რიგში, ვმუშაობთ იმაზე, რომ იყოს სტატისტიკა, მონაცემები და სწორი ანალიზი იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა ამ თემაზე და ნელ-ნელა გადავდგათ ნაბიჯები თანასწორობისკენ“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას:

„ქალების ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ჩემთვის ეს ორი საკითხი არის სრულიად ურთიერთდამოკიდებული. ამიტომ, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე როცა ვსაუბრობთ, მე ამის კომპონენტად ვხედავ ქალების პოლიტიკურ გაძლიერებას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო