სუს-ი - 2018 წელს რუსული სამხედრო ძალების მიერ ადგილი ჰქონდა აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს

რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ პარლამენტს გადაუგზავნა.

„2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე.

საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე”, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით.

„უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უცხო ქვეყნების მიერ საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე. უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიმართულებით. ქვეყნის თავდაცვის სისტემის ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული მიმართულებით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები.

საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო ორგანოებში საიდუმლოებისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და კონტროლის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან ობიექტებზე აგენტურის ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სარეჟიმო ობიექტებზე აქტიურად ხორციელდებოდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, პერმანენტულად ხდებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა