სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2018 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მისცა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიერ, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მიეცა.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების - 21, ქრთამის მიცემის - 3, თაღლითობის - 12, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 4, სამსახურებრივი გულგრილობის - 13, სამსახურებრივი სიყალბის - 8 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე.

„2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად არაერთი საჯარო მოხელე იქნა დაკავებული, მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტებზე - თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და საგარეჯოს რაიონის საკრებულოს სოფელ უჯარმის დეპუტატი.

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, ხოლო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე. ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მთლიანობაში დაკავებულ იქნა აფთიაქების 5 მფლობელი და 14 დირექტორი. სულ პასუხისგებაში მიეცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ირანის ისლამური რესპუბლიკის 7 მოქალაქე. ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 2 097 000 ლარი შეადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს