სოციალური მუშაკები - ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენს მოთხოვნებზე რეალისტური პასუხი არ მიგვიღია

ჯანდაცვის სამინისტროსგან რეალისტური პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე არ მიგვიღია, - ამის შესახებ სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადეს.

მათი თქმით, 4-პუნქტიანი გეგმა სოციალური მუშაკებისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დამსაქმებლის რიტორიკა გაფიცვამდე და გაფიცვის შემდგომ არ შეცვლილა და საუბრობენ "სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს" მიერ დამტკიცებულ 4-პუნქტიან გეგმაზე, რომელზეც მსჯელობა მიდიოდა, როგორც მედიაციის პროცესში, ასევე საბჭოს ფარგლებში. აღნიშნული გეგმა თავიდანვე მიუღებელი იყო სოციალური მუშაკებისთვის, ვინაიდან ის წარმოადგენდა პრობლემების მხოლოდ ფასადურად მოგვარების მცდელობას. აღნიშნული 4-პუნქტიანი გეგმა დეტალურად განვიხილეთ მედიაციის ორმხრივ შეხვედრაზე 2019 წლის 20 მარტს, რომლის შედეგადაც მედიაციის პროცესი წარუმატებლად გამოვაცხადეთ და გაფიცვა დავაანონსეთ“, - აღნიშნავენ სოცმუშაკები.

ამასთან, უცვლელი რჩება სოცმუშაკების მოთხოვნა ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით.

„კადრის დამატება უნდა მოხდეს ისე, რომ საქმეების რაოდენობა შემცირდეს 50 საქმეზე. იმ სერვის ცენტრებში კი, სადაც მხოლოდ თითო სოციალური მუშაკი მუშაობს, დაემატოს მეორე კადრიც. ხელფასთან დაკავშირებით კი ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ და მხოლოდ გადახედვა, ჩვენი მოთხოვნაა გაიზარდოს ხელფასი პირველ ეტაპზე 30%-ით", - აღნიშნავენ სოცმუშაკები.

მათივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ 4-პუნქტიან გეგმას აკლია კონკრეტიკა, სოცმუშაკები მზადყოფნას გამოთქვამენ კიდევ ერთხელ შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს.

„დღეს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმართება შეხვედრა, რომელსაც დავესწრებით სოციალური მუშაკები და ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მედიაციის პროცესში“, - განმარტეს სოცმუშაკებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სოციალური მუშაკები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

იხილეთ ვიდეო: