ირაკლი კობახიძე სერბეთის  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტად სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მაია გოიკოვიჩს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბ კოლეგას მასპინძლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მაია გოიკოვიჩმა ირაკლი კობახიძეს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა და ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტსა და სერბეთის ეროვნულ ასამბლეას შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც. მათივე თქმით, ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების დანიშვნაც, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

ირაკლი კობახიძემ და მაია გოიკოვიჩმა ერთმანეთს საქართველოსა და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და მაია გოიკოვიჩმა საქართველოს პარლამენტსა და სერბეთის ეროვნულ ასამბლეას შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გვსურს ორმხრივი ურთიერთობები მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გავაძლიეროთ. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან პოზიტიური პოლიტიკური ურთიერთობები. ასევე, გვსურს, გავაღრმავოთ ეკონომიკური კავშირები და მწამს, რომ ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივა არსებობს. აგრეთვე, გვსურს, გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირები, გავაღრმავოთ თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქვეყნებს მსგავსი გამოწვევები და მიზნები აკავშირებს. კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში წვლილის შეტანისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

„ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს, თუმცა, გვაქვს მსგავსი მიზნებიც. ჩვენი საერთო საგარეო პოლიტიკური მიზანი არის ევროპული ინტეგრაცია და მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, ერთად ვიდგეთ. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სერბეთის გამოცდილების გაზიარება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პერსპექტივები და დინამიკა ძალიან პოზიტიურია. საქართველოს პარლამენტი მზად არის, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანა“,- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის ცნობით, ერთობლივი ბრიფინგის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო